"არქის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება პრობლემურია. შიო ხეცურიანი მიიჩნევს, რომ შტატები საქართველოსთვის ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყანა ურთიერთობების დაახლოების მიზნით ყველაფერს უნდა ეცადოს.

,,აშშ არის ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორი. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-თან გვქონდეს აქტიური, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა. დარტყმის მასშტაბზე მეტად შინაარსი არის სამწუხარო და ქვეყანა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ აშშ-თან გვქონდეს ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობა, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუ ჩვენ დავშორდებით ამ კურსს და პირიქით, ყოველდღიურ რეჟიმში ამ მეგობრობას და პარტნიორობას არ დავაახლოვებთ კიდევ უფრო მეტად. ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც ასეთი განცხადებები აშშ-ის მხრიდან, რა თქმა უნდა პრობლემურია. რა თქმა უნდა, ბიზნესზეც იმოქმედებს, ქვეყნის განვითარებაზეც იმოქმედებს. მთელი ქვეყანა, მთელი ხალხი უნდა ვცდილობდეთ, რომ ვიაროთ პროდასავლურ, პროგრესულ გზაზე.’’- აცხადებს შიო ხეცურიანი.

"არქის" აშშ-ში, კერძოდ მაიამიში პროექტს ახორციელებს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან, მათ შორის საელჩოსთან.

,,აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის საელჩოსთან. აქტიურად ვართ ჩართულები ამერიკაში ბიზნესის განვითარებაში. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ რამე რისკი უდგას ამ პროექტს. ჩვენ რაც შეიძლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ უწყებებთან გვქონდეს თანამშრომლობა, გვაქვს. ნებართვები იქნება ეს თუ სხვა საჭირო დოკუმენტაცია. პროექტის განხორციელებისთვის აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს მუდმივი მხარდაჭერა, კომუნიკაციაში იქნება ეს თუ სხვა, გვაქვს მზაობა საელჩოსგან, რომ ჩვენ განვითარდეთ შეერთებულ შტატებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით.''- აცხადებს შიო ხეცურიანი.