კომპანია Quadrum Georgia („კვადრუმ ჯორჯია“), რომლის პორტფელშიც სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ შედის, 2027 წელს ქუთაისში ახალ სავაჭრო ცენტრ  Urban Mall-ს  გახსნის.

როგორც „კვადრუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარი იქნება და მის ფარგლებში 700-მდე სამუშაო ადგილის შეიქმნება.

"Quadrum Georgia-ს ფარგლებში, ქუთაისში უახლოეს მომავალში რითეილ პარკის (ღია ტიპის სავაჭრო კომპლექსი, სადაც სხვადასხვა მაღაზია, სუპერმარკეტი და კვების ობიექტია ერთ სივრცეში) ფორმატის სავაჭრო ცენტრი Urban Mall-ი გაიხსნება.  სავაჭრო ცენტრის ფარგლებში „დომინოს“ ფილიალიც ამოქმედდება.  პროექტის ფარგლებში დაახლოებით 700-მდე სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.

რაც შეეხება „დომინოს“, ჰიპერმარკეტების ქსელი მომდევნო წელს რეგიონებში განვითარებასაც გეგმავს. ამჟამად „დომინო“ ორი მაღაზიით ოპერირებს, მომავალ წელს კი რეგიონებში კიდევ ორი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ“, –განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

მან კომპანიის გაყიდვების დინამიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია.

„გაყიდვების ტემპი გასულ წელთან შედარებით მზარდია. აქ გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორიც და ისიც, რომ ჯამურად, ყველა სექტორში პროდუქცია გაძვირდა. თუმცა, 10 თვის მონაცემებით, გაყიდვები ზრდას ინარჩუნებს“, – განაცხადა თეიკო ლომინაძემ.

შეგახსენებთ, Quadrum Georgia  არის მსხვილი დეველოპერული და უძრავი ქონების მართვის კომპანია საქართველოში. კომპანია 3 პროექტს მართავს, მათ შორის არის თბილისში მდებარე მასშტაბური სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ ფონთი“, დეველოპერული კომპანია „თბილისი გარდენსი“ და სამშენებლო ჰიპერმარკეტი „დომინო“.

bp.ge