საქართველოს ღვინის ინდუსტრიის ფინანსური სურათის შესაფასებლად, finSPOT-მა შვიდი კომპანია გააანალიზა, რომელთა 2024 წლის შემოსავალი დაახლოებით ₾20-60 მილიონს შეადგენს.
კვლევა მოიცავს „ბადაგონს“, „თბილღვინოს“, „თელიანი ველს“, „თელავის ღვინის მარანს“ (Marani), „წინანდლის ძველ მარანს“ (Mildiani), „რთველისსა“ და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას (GWS).
შვიდივე კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს ₾227 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის უცვლელია. თუმცა, კომპანიებს შორის შემოსავლები მნიშვნელოვნად გადანაწილდა: ოთხ კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო „რთველისის“, „მილდიანისა“ და „თბილღვინოს“ შემთხვევაში ზრდამ 10%-დან 43%-მდე შეადგინა.
ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, შვიდ კომპანიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია როგორც ზრდის ტემპის, ისე მომგებიანობისა და დავალიანების კუთხით.
„რთველისი“, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა, შედარებით მოკლე პერიოდში ₾23 მილიონიან შემოსავალზე გავიდა. ამავე დროს, კვლევაში წარმოდგენილია ათწლეულების გამოცდილების მქონე „თელავის ღვინის მარანი“, რომელსაც ყველაზე მდგრადი ფინანსური პროფილი აქვს.
„ბადაგონის“ შემოსავალი 2024 წელს ₾50 მილიონს აჭარბებდა, თუმცა კომპანიის Net Debt/EBITDA მაჩვენებელი 7.7x-ს შეადგენდა, რაც მაღალ საკრედიტო დატვირთვაზე მიუთითებს.
„თელიანი ველის“ შემოსავალმა ₾32 მილიონი შეადგინა, თუმცა კომპანიის სესხები აქტივების 72%-ს უტოლდებოდა და 2024 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა.
ადგილობრივ ბაზარზე ძლიერი პოზიციით გამოირჩევა „თბილღვინო“, რომელსაც შვიდეულში ყველაზე მაღალი სარეკლამო დანახარჯები აქვს. „მილდიანი“ კი კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი მარჟითა და კაპიტალის უკუგებით გამოირჩევა. შვიდეულში ასევე შედის საერთაშორისო ჯგუფის წევრი GWS.
შვიდი კომპანიის საშუალო შეწონილმა EBITDA მარჟამ 2024 წელს 14.5% შეადგინა. „თელიანი ველის“ გამოკლებით, რომელიც ზარალზე იყო, ეს მაჩვენებელი 17.9%-მდე იზრდება, რაც finSPOT-ის შეფასებით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ღვინის მწარმოებლებთან შედარებით ჯანსაღი მაჩვენებელია.
ანალიზის მიხედვით, 2022-2024 წლებში „ბადაგონმა“, „თბილღვინომ“, „მარანმა“ და „მილდიანმა“ მფლობელებზე ჯამურად ₾45.6 მილიონი გაანაწილეს.
ამ ოთხი კომპანიიდან დივიდენდების დაფინანსება საკუთარი თავისუფალი ფულადი ნაკადებით მხოლოდ „მარანმა“ შეძლო. დანარჩენმა კომპანიებმა დივიდენდების გასაცემად ახალი სესხები, დაგროვილი ფულადი სახსრები და/ან აქტივების გაყიდვა გამოიყენეს.
განსხვავებული სურათია GWS-სა და „თელიანი ველში“ — ორივე კომპანიას მფლობელებისგან ფინანსური დახმარება დასჭირდა და, შესაბამისად, დივიდენდები არ გაუციათ.
კვლევა ასევე მოიცავს კომპანიების შემოსავლების დეტალურ ჩაშლას, მომგებიანობის მაჩვენებლებს, დივიდენდების მოცულობასა და კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაციას.
სრული ფინანსური ანალიზი ხელმისაწვდომია finSPOT-ის პლატფორმაზე.