,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში" სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე სივრცეების სიმცირეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ დაპირება არ შეასრულა და 550 ადგილის გამოყოფის ნაცვლად, დედაქალაქში მხოლოდ 130-მდე საპარკინგე წერტილი შეიქმნა. პრობლემა კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობა თვის განმავლობაში დიდ თანხას შეადგენს. ,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ კომპანიებისთვის ჯარიმების სახით დაკისრებული ფინანსური ტვირთი საბოლოოდ პროდუქციის ფასში აისახება.

,,სამწუხაროდ, ამ კუთხით არ გვაქვს რაიმე დადებითი მოცემულობა, გამომდინარე იქიდან, რომ საპარკინგე სივრცეების გამოყოფა, რომელიც დაიწყო. დაპირებული 550 ადგილის ნაცვლად გამოიყო სულ 130 ადგილამდე. დამატებითი წერტილების გაჩენა, განსაკუთრებით იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ლოკაციებზე, სადაც სისტემატურად ხდება დაჯარიმება არ მომხდარა. პარკირების ჯარიმის პრობლემა დღეს ყველა კომპანიას უდგას. ეს მძიმე ტვირთია და საბოლოოდ ფასში ისახება“, - აცხადებს ლაშა რიჟამაძე. 

,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში" განმარტავენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერიასთან მუშაობა თავიდან აქტიურად დაიწყო, თუმცა უკვე დიდი ხანია ამ მიმართულებით თვითმმართველ ორგანოსთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.  

,,ეს პროცესი აქტიურადაც დაიწყო, თუმცა შემდეგ საერთოდ გაწყდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც დედაქალაქის მერიამ განაცხადა არის ის, რომ ყველა ახალ რეაბილიტირებულ ქუჩაზე თუ კი მაღაზია იქნებოდა, იქ გააჩენდნენ მაქსიმალურად საპარკინგე სივრცეს სადისტრიბუციო მანქანებისთვის. ეს იყო და ეს. დანარჩენი სხვა აქტიური, ქმედითი ნაბიჯი მერიის მხრიდან არ გადადგმულა ამ მიმართულებით.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში ლაშა რიჟამაძე.

,,დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ჯარიმების გაზრდილი ოდენობა საბოლოოდ იმ პროდუქტის ფასში აისახება, რომელსაც კომპანიები ობიექტებს აწვდიან. ლაშა რიჟამაძე განმარტავს, რომ ასოციაცია ადმინისტრაციული სახდელის უცვლელად დატოვებას ითხოვდა, თუმცა მათი პოზიცია გათვალისწინებული არ იქნა, რის გამოც ჯარიმებით გამოწვეული ხარჯი კომპანიებს 5-ჯერ უფრო მეტად დააწვათ.  

„კომპანიების საქმიანობის სფერო პირდაპირ დაკავშირებულია საპარკინგე სივრცეების არარსებობით წარმოქმნილ პრობლემასთან. ზოგადად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი, რომ საერთოდ არ მომხდარიყო ადმინისტრაციული სახდელის გაზრდა. 5-ჯერ გაიზარდა. იყო 100 ლარი და 5-ჯერ ნაკლები ტვირთი იყო კომპანიისთვის, ვიდრე დღეს არის. როდესაც კომპანიას ჰყავს რამდენიმე ათეული სატრანსპორტო საშუალება ავტოპარკში, დღის ჭრილში გამოწერილი ჯარიმები საბოლოოდ თვის ჭრილში მნიშვნელოვანი ხარჯია და კომპანია იძულებულია ეს გაითვალისწინოს იმ ფასის ფორმულირებისას, რა ფასითაც საბოლოოდ ახდენს პროდუქციის მიწოდებას“, - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.