სპორტული დარბაზების ფინანსური მაჩვენებლები 4 კომპანიის, შპს „ოკტოპუსის“ (Oktopus Fitness Club • ოკტოპუს ფიტნეს კლუბი), შპს „ჯორჯიან ფიტნეს ცენტრის“ (Snap Fitness Georgia) შპს „ჯორჯიან ფიტნეს გრუპის“ (World Class Georgia) და შპს „ასპრია ჯგუფის“ (Aspria Fitness), მაგალითზე Finspot-მა მიმოიხილა.

„განხილული ფიტნეს დარბაზებიდან, ორი მათგანი საერთაშორისო ბრენდების ფრენჩაიზს წარმოადგენს, დანარჩენი ორი კი ადგილობრივი ბრენდია:

- Oktopus Fitness Club საქართველოში შექმნილი ბრენდია, რომელიც ამ ეტაპისთვის ყველაზე სწრაფად მზარდი ფიტნეს დარბაზების ქსელია და კონკურენტებს უსწრებს როგორც შემოსავლების ასევე მომხმარებლების რაოდენობის კუთხით;

- Snap Fitness Georgia ამერიკაში წამოწყებული და ახლა უკვე საერთაშორისო ფიტნეს დარბაზების ქსელია, რომელიც  1,000 კლუბზე მეტს აერთიანებს 20+ ქვეყანაში; საქართველოში კი პირველი ფილიალი, ფრანშიზის ფარგლებში, 2015 წელს გამოჩნდა;

- World Class Georgia რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტ დარბაზების ქსელია, რომელსაც 50-ზე მეტი კლუბი აქვს რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში; ამ ეტაპისთვის, საქართველოში World Class-ი მხოლოდ ერთი ფილიალითაა წარმოდგენილი, 2024-ის ზაფხულში კი მეორე პრემიუმ ფიტნეს დარბაზის გახსნა იგეგმება;

- Aspria Fitness პირველი ადგილობრივი ფიტნეს დარბაზების ქსელია საქართველოში, რომლის პირველი ფილიალიც 2012 წელს გაიხსნა და 2013 წელს უკვე სამი ფილიალით იყო წარმოდგენილი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

სპორტული დარბაზების უმეტესობა თბილისშია კონცენტრირებული, სადაც კომპანიები სხვადასხვა საფასო სეგმენტზე ფოკუსირდებიან. წარმოდგენილი კომპანიებიდან ყველაზე მაღალ საფასო სეგმენტზე World Class Georgia გადის, ყველაზე დაბალზე კი - Aspria Fitness. Oktopus Fitness Club და Snap Fitness Georgia საშუალოზე მაღალ და საშუალო საფასო სეგმენტზე ფოკუსირდებიან.

კომპანიების შემოსავლის ძირითად წყაროს თვიური საწევრო გადასახადი წარმოადგენს. დამატებითი შემოსავლის გენერირებას კომპანიები დარბაზში არსებული ბარიდან გაყიდვებით აგენერირებენ (სასმელები, დანამატები, სნექები და ა.შ.). საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი წილი კი ხელფასებსა და იჯარაზე მოდის.

წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირების და პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების ფონზე, ოთხივე კომპანიას მილიონობით ლარის დაგროვილი ზარალი აქვს. მაგალითად, „ოკტოპუსის“ დაგროვილი ზარალი ₾1.1 მილიონს შეადგენს, World Class-ის კი ₾9 მილიონამდეა. დანარჩენი ორი კომპანიის დაგროვილი ზარალი ₾2.4 - ₾4.2 მილიონის ფარგლებშია.

„ბოლო წლების განმავლობაში სექტორში კონკურენცია გაიზარდა და ბაზრის წილები მნიშვნელოვნად გადათამაშდა. 2019 წლის მდგომარეობით, „ასპრია“ წამყვანი ქსელური სავარჯიშო დარბაზი იყო ქვეყანაში და კონკურენტების შემოსავლებს 25%-40%-ით აღემატებოდა. 2022 წლის მონაცემებით კი, წარმოდგენილ კონკურენტებს შორის, „ასპრიას“ ყველაზე მცირე ბრუნვა აქვს და #1 მოთამაშე „ოკტოპუსს“ 70%-ით, ერთი ფილიალის მქონე World Class-ს კი 10%-ით ჩამოუვარდება.

2020 წლის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა სექტორს. პანდემიის პირველ წელს ოთხივე კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებული დარტყმა „ასპრიამ“ მიიღო, რომლის შემოსავლებიც წლიურად 70%-ით შემცირდა 2020 წელს. მიუხედავად 2021-2022 წლებში შემოსავლების ზრდის დაფიქსირებისა, „ასპრიამ“ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია პრეპანდემიური შემოსავლების ნიშნულს“, - ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.

წარმოდგენილ ფიტნეს დარბაზებს შორის, Oktopus Fitness Club ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა. „ოკტოპუსის“ შემოსავლებმა ₾7.9 მილიონს მიაღწია 2022 წელს, რაც 131%-ით აღემატება Snap Fitness Georgia-ს შემოსავლებს და 3-ჯერ და მეტჯერ World Class Georgia-სა და Aspria Fitness-ის შემოსავლებს.

ზრდის კუთხით „ოკტოპუსი“ კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა „ოკტოპუსმა“ დააფიქსირა. 2019 წლის შემოსავლებთან შედარებით, „ოკტოპუსმა“ გაასამმაგა შემოსავლები. „სნეპის“ და World Class-ის შემოსავლები კი 54%-ით და 10%-ით აღემატებოდა 2019 წლის შემოსავლებს შესაბამისად. „ასპრია“ ერთადერთია კონკურენტებს შორის, რომელიც პრეპანდემიური შემოსავლების ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა და 21%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს.

სპორტ დარბაზების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში, უმეტეს შემთხვევაში, 70%-ზე მეტს შეადგენს. World Class-ისა და „ასპრიას“ შემთხვევაში კი საოპერაციო ხარჯების წილი მნიშვნელოვნად აჭარბებს შემოსავლებს, რაც კომპანიების დაბალ მომგებიანობასაც განაპირობებს.

საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი მოდის დასაქმებულთა ხელფასებსა და იჯარაზე. World Class-ის შემთხვევაში, მიუხედავად მხოლოდ ერთი ფილიალის არსებობისა, სახელფასო ხარჯი ₾1.6 მილიონს აღწევს, რომელიც როგორც აბსოლუტური, ასევე პროცენტული მაჩვენებლით მნიშვნელოვნად აღემატება მრავალფილიალიანი ფიტნეს დარბაზების მაჩვენებლებს. „ოკტოპუსის“ ანგარიშგებაში მოცემულია მხოლოდ მენეჯმენტზე გაცემული ხელფასები, რომელმაც ₾154 ათასი შეადგინა 2022 წელს.

„ოკტოპუსისა“ და „სნეპის“ საოპერაციო ხარჯების ოპტიმალური სტრუქტურა განაპირობებს კომპანიების უკეთეს მომგებიანობის მაჩვენებლებს, რომელთა EBITDA მარჟები 34% და 27%-ია შესაბამისად. World Class-მა 2022 წელს პირველად მიაღწია დადებით EBITDA მაჩვენებლს, და EBITDA მარჟამ 3% შეადგინა. „ასპრიას" კი მცირე ზრდისა და მაღალი საოპერაციო ხარჯების ფონზე უარყოფითი EBITDA ჰქონდა, რომელმაც -₾520 ათასი შეადგინა.