მცირე და საშუალო ბიზნესი რუსეთში „ძლივს სუნთქავს“. გაყიდვები დაცემულია, შემოსავალი იკლებს, სესხები მიუწვდომელია - ეს აღარ არის „ეკონომიკის კონტროლირებული გაგრილება“, როგორც მთავრობა აცხადებს, არამედ სრულფასოვანი ეკონომიკური ვარდნაა - წერს სოციალურ ქსელში რუსული პრესაზე დაყრდნობით, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი.

„მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივობის ინდექსი (RSBI), 2025 წლის აპრილში, 52,4 პუნქტამდე დაეცა, რაც რეცესიის ზონას მიუახლოვდა. მთავარი ფაქტორი, რომელმაც ის ჩამოაგდო, არის გაყიდვები, რომლებიც ახლა ყველაზე დაბალ დონეზეა - მხოლოდ 43.7 პუნქტი.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მეწარმეთა 48%-მა დააფიქსირა შემოსავლის შემცირება. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2022 წლის მაისის შემდეგ, როდესაც ეკონომიკამ პირველად იგრძნო სანქციების და მილიტარიზაციის ეფექტი.ფაქტობრივად, ყოველი მეორე კომპანია კარგავს ფულს. ყველაზე დიდი დარტყმა საშუალო ბიზნესზე მოვიდა, სადაც კომპანიების ნახევარზე მეტმა (54%) გამოაცხადა შემოსავლის კლება.

წარმოების სექტორში – 49%. ვაჭრობა და მომსახურება ასევე დარტყმის ქვეშაა: შემოსავალი დაეცა კომპანიების 47%-ში.კომპანიების 35%-ზე მეტი აღიარებს, რომ ეშინიათ ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით აიღონ სესხი. ეს არის რეკორდი დაკვირვებების მთელი ისტორიისთვის - წერს პრესა.გამოკითხულ მეწარმეებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ვითარება გაუმჯობესდება. თუ ერთი თვის წინ გამოკითხულთა 40% ელოდა გაყიდვების ზრდას, ახლა მხოლოდ 33%-ს სჯერა. მიკრობიზნესებს შორის განწყობა განსაკუთრებით მკვეთრად დაეცა, გაუმჯობესებას მხოლოდ 19% მოელის“, - წერს სურამელაშვილი.