„დაჯარიმებულია საკმაოდ ბევრი გასამართი სადგური. შედეგი იქნება ის, რომ თხევადი გაზის დეფიციტი შეიქმნება მომხმარებლისთვის, რადგან სადგურები გაჩერებული და დაკეტილია“, - ასე ეხმიანება თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ არაბრენდირებული გასამართი სადგურების მასობრივ დაჯარიმებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ვახტანგ იობაშვილი აღნიშნავს, რომ თუ კომპანიები მუშაობას ვეღარ შეძლებენ, ბუნებრივია, ვეღარ მოხერხდება თხევადი გაზის შემოტანა და შესაბამისად, მოსალოდნელია დეფიციტი.
„კომპანიების დაჯარიმება და მათთვის მუშაობის უფლების შეჩერება აუცილებლად გამოიწვევს ყველაზე იაფი საწვავის დეფიციტს. თუ თავის შევაკება შეიძლებოდა წლების განმავლობაში, როცა არავინ აჯარიმებდა და არავინ აწუხებდა ამ ხალხს, რა მიზეზით დაიწყეს დაჯარიმება მაინც და მაინც დღეს, როცა კატასტროფულად გაიზარდა მთელ მსოფლიოში საწვავის ფასები? ზოგი დაჯარიმდა 5000 ლარით, ზოგი - 2500 ლარით და საუბარია საკმაოდ ბევრ კომპანიაზე.
არ ვამბობ, რომ სრულიად ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თუ დასაჯარიმებელი იყო, ხომ არ ჯობდა, დღევანდელი დღისთვის შეგვეკავებინა თავი, რადგან ქვეყანაში კატასტროფულად გაზრდილია საწვავის ფასი და ერთადერთი ალტერნატივაა თხევადი აირი, რომელსაც ადამიანები შედარებით იაფად ყიდულობენ? შედეგი იქნება ის, რომ თხევადი გაზის დეფიციტი შეიქმნება მომხმარებლისთვის.
თუ მოსაწესრიგებელია, უნდა მოწესრიგდეს, ცეცხლსაშიში პროდუქტია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თან ზაფხული მოდის, მაგრამ ერთადერთი ალტერნატიული საწვავი გვაქვს, რომელიც შედარებით იაფია. არც კი ვიცი, ამას რა დავარქვა. ამ ეტაპზე ეს დაჯარიმებები უნდა შეჩერდეს და შემდეგ გადავწყვიტოთ, როდის მოვთხოვოთ კომპანიებს პასუხი“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.