გიორგი მამარდაშვილი, დიდი ალბათობით, „ლივერპულის“ პირველი ნომერი გახდება, რადგან ალისონ ბეკერი „იუვენტუსის“ წინადადებას დათანხმდა და ზაფხულში იტალიურ გრანდს შეუერთდება – ინფორმაციას გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსს“ მეკარის პოზიციის გაძლიერება სურს და „ლივერპულთან“ ალისონ ბეკერის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ტურინული კლუბი პირველი ნომრის პოზიციაზე დიდი გამოცდილების მეკარეს ეძებს და უპირველეს კანდიდატად ალისონ ბეკერს განიხილავს.
„ბიანკონერიმ“ ბრაზილიელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ იტალიაში დაბრუნება ბრაზილიის ნაკრების 33 წლის მეკარესაც სურს და ის ტრანსფერზე თანახმაა.
ალისონი „ლივერპულში“ 2018 წლის ზაფხულში „რომადან“ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მან ინგლიურ კლუბში 332 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და კარი მშრალად 140-ჯერ შეინახა“, – წერს იტალიური გამოცემა.