ყაზახურმა საფინანსო-ტექნოლოგიურმა კომპანია Kaspi.kz-მა 2026 წლის პირველი ცხრა თვის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მიხეილ ლომთაძის კომპანიის წმინდა მოგებამ იანვარ-სექტემბერში 791.8 მილიარდი ტენგე შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 0.1%-ით მეტია. რაც შეეხება მესამე კვარტალს, წმინდა მოგება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 281 მილიარდ ტენგეს მიაღწია.
ამავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი 14.2%-ით გაიზარდა და 3.31 ტრილიონ ტენგეს გაუტოლდა. მხოლოდ მესამე კვარტალში მიღებულმა შემოსავალმა 1.12 ტრილიონი ტენგე შეადგინა. კომპანიის განმარტებით, ზრდა განაპირობა მარკეტპლეისზე შესყიდვების სიხშირის მატებამ, საკომისიო შემოსავლების ზრდამ, საფინანსო ტექნოლოგიების მიმართულებით საკრედიტო პორტფელის გაფართოებამ და გადახდების ბიზნესის განვითარებამ.
ყველაზე მაღალი ზრდა ელექტრონული კომერციის მიმართულებით დაფიქსირდა. მესამე კვარტალში მარკეტპლეისის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 466 მილიარდ ტენგეს მიაღწია. ამასთან, პლატფორმაზე ელექტრონული გაყიდვების საერთო მოცულობა 8%-ით გაიზარდა და 2.2 ტრილიონი ტენგე შეადგინა. მომხმარებლების მიერ განხორციელებული შეკვეთების რაოდენობა კი ცხრა თვეში 29%-ით გაიზარდა და 231.1 მილიონს მიაღწია.
კომპანია საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს. Kaspi.kz აპირებს Magnum Daily-ის მცირე ფორმატის მაღაზიების ქსელის განვითარებას და 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 300 ობიექტის გახსნას. საშუალოვადიან პერსპექტივაში ქსელის 3 000 მაღაზიამდე გაზრდაა დაგეგმილი. პარალელურად, კომპანია ავითარებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტ Kasper-სა და თურქულ ბაზარზე მოქმედ Hepsiburada-ს. გარდა ამისა, დირექტორთა საბჭომ თითო ADS-ზე 1 000 ტენგეს ოდენობის დივიდენდის გადახდა შესთავაზა აქციონერებს.