შრომის ბაზარზე დაგეგმილი შეზღუდვები არა მხოლოდ დისკრიმინაციულია, არამედ მძიმე დარტყმას მიაყენებს ბიზნესსექტორს, რაც საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე BMG-სთან აცხადებს.

საუბარია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც 1-ელი მარტიდან უცხოელებს საქართველოში მთელ რიგ საქმიანობებში დასაქმებას უკრძალავს.

შოთა ბურჯანაძის თქმით, მიგრანტების დასაქმების საკითხი რეგულირებას საჭიროებს, თუმცა რადიკალური ზომები დაუშვებელია.

“სრულ აკრძალვას ზომიერი რეგულაციით შევცვლიდი. ის შედეგები, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება, გარკვეულწილად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ის რომ მომსახურება გაძვირდება, სერვისი გაძვირდება, ეს წინასწარ გათვალისწინებული უნდა იყოს.

მიგრანტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, დღესდღეობით, არანაირ ამინდს არ ქმნის სამუშაო ადგილების დასაკავებლად. ქვეყნის განვითარების შემთხვევაში, ძალიან ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს, იმიტომ, რომ ეს გავლილია განვითარებულ ქვეყნებში - იქ, სადაც მისი მოქალაქე აღარ მუშაობს და სურვილი არა აქვს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე იმუშაოს, ყოველთვის ჩამოსული ადამიანი ანაცვლებს და შესაბამისად, ვისურვებდი, რომ საქართველოც ისეთი განვითარებული ქვეყანა ყოფილიყო, სადაც ემიგრანტისთვის ასეთი შესაძლებლობა ყოფილიყო. ამას სჭირდება ჩარჩოში ჩასმა, რეგულაცია, მაგრამ არა რადიკალური და სრული აკრძალვა”, - ამბობს შოთა ბურჯანაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, წინააღმდეგობრივია, მაგრამ ქვეყანაში არსებული 13%-იანი უმუშევრობის ფონზე ბიზნესს მუშა ხელის კატასტროფული დეფიციტი აქვს, რასაც ადგილობრივი, თუნდაც სოციალური ბაზებიდან ამორიცხული პირები ვერ შეავსებენ.

„პარადოქსია ჩვენს ქვეყანაში 13%-იანი უმუშევრობა და ამავდროულად ,ბიზნესის მხრიდან დასაქმებაზე არსებული დიდი მოთხოვნა. ამ პარადოქსის აღმოფხვრა ასე მარტივად - უცხოელის ჩანაცვლება სოციალურად შეჭირვებული ადამიანით - რთულად წარმომიდგენია. ეს ჩემთვის ლოგიკურ ბმაში არ არის. გიდი, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი ცოდნით, აქამდეც იპოვიდა სამსახურს, სურვილი რომ ჰქონოდა. ტაქსის მძღოლობასაც არავინ უშლის ადგილობრივს, უცხოელი მას კონკურენციას არ უწევს. კურიერების შემთხვევაში კი იმდენად დიდი დეფიციტია, რომ საკვები ხშირად იმიტომ კი არ იგვიანებს, რომ რესტორანი ვერ ასწრებს მომზადებას, არამედ იმიტომ, რომ კურიერი არ არის. ჩვენ დეფიციტი გვაქვს და არა სამუშაო ადგილების ნაკლებობა“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

მისივე შეფასებით, მუშახელის ხელოვნური შემცირება პირდაპირპროპორციულად აისახება პროდუქტისა და სერვისის თვითღირებულებაზე. როდესაც მიწოდება მცირდება, ხოლო მოთხოვნა შენარჩუნებულია, ხარჯები იზრდება, რასაც ბიზნესი საკუთარ თავზე ვერ აიღებს.

“მომსახურება და სერვისი გაძვირდება. როდესაც იქ, სადაც 100 თანამშრომელია საჭირო, გვყავს 50 და ეს რაოდენობაც კიდევ უფრო შემცირდება, გაიზრდება სახელფასო მოთხოვნა. ბიზნესისთვის ეს დამატებითი ხარჯია, რაც ავტომატურად გადადის პროდუქციაზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მომხმარებლის ჯიბეზე აისახება“, - აღნიშნავს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება.

bm.ge