25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური წონის მიხედვით განისაზღვრება და 1 კილოგრამზე 3 ლარს შეადგენს.

ცვლილება მთავრობის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით ამოქმედდა და ვრცელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 61–65 ჯგუფებში შემავალ საქონელზე. მათ შორისაა მზა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავები, ტექსტილის ნაწარმი და მათი ნაწილები.

ახალი წესით, იმპორტიორი გადაიხდის ორიდან უფრო მაღალ თანხას: საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრულ ფიქსირებულ საფასურს (100-დან 500 ლარამდე) ან წონის მიხედვით დაანგარიშებულ თანხას. თუ კილოგრამზე 3 ლარის პრინციპით გამოთვლილი საფასური ფიქსირებულ ტარიფს გადააჭარბებს, გაფორმება სწორედ წონის მიხედვით დადგენილი თანხით მოხდება.

მაგალითად, 1 ტონა ტვირთის შემთხვევაში მომსახურების საფასური 3 000 ლარი იქნება, რაც მანამდე მოქმედ მაქსიმალურ, 500-ლარიან ტარიფზე ექვსჯერ მეტია.

ახალი ტარიფი არ გავრცელდება მეორად ტანსაცმელსა და ტექსტილის ნარჩენებზე (სასაქონლო პოზიციები 6309 და 6310). გამონაკლისია ასევე ევროკავშირის, EFTA-სა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატით ან დეკლარაციით წარმოდგენილი საქონელი, აგრეთვე „ფორმა 4“-ით დეკლარირებული პროდუქცია.