"ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად" - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
"ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. მარტივად რომ ავხსნა - 95 წელს რომ ლარი შემოიღეს, სულ ბრუნვაში იყო 112 მილიონი ლარი, ახლა არის 34 მილიარდი ლარი, ანუ, 300-ჯერ მეტი ფულია ბრუნვაში. ოღონდ, ეკონომიკა ამ დროს გაიზარდა სულ 5-6-ჯერ. მერე ლარი უფასურდება, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ძვირდება ზეთი, პური და ა.შ.
34 მილიარდიდან, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს 30 მილიარდი დაიბეჭდა. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამას არ შეეხება მთავრობა და ყურადღებას არ მიაქცევს მოსახლეობა, არაფერი არ ეშველება ფასებს.
კომისია, რომელიც ბატონმა ირაკლი დააარსა, თავისი შინაარსით, ფარსია, რადგან იმ ნაწილსაც კი არ ეხება, რომელიც მთავრობის მხარეს არის. მაგალითად, ავიღოთ გადასახადები. მთავრობამ რომ დაწიოს ის გადასახადები, რომელიც ყველაზე ღარიბ ხალხს ეხება - აქციზი სიგარეტზე, ბენზინზე, - ეს ფასებზე შეიძლება დიდად არ აისახოს, მაგრამ მეტი ფული დარჩება ღარიბ ადამიანს ჯიბეში და უფრო მარტივად გაუმკლავდება გაზრდილ ფასებს. თუ მთავრობა არც რეგულაციებს არ აუქმებს, არც გადასახადებს ამცირებს, ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვას აგრძელებს - მაშინ ფასებს არაფერი ეშველება და მაქსიმუმ, რასაც მთავრობამ შეიძლება მიაღწიოს, მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასი დემონსტრაციულად შეამცირებინოს," - აცხადებს რაქვიაშვილი.
პოლიტიკური დებატები, თემაზე - მაღალი ფასნამატი: კარტელური გარიგება თუ ობიექტური რეალობა? - გაიმართა.
rustavi2.ge