საქართველოს ფინანსური ტექნოლოგიების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე შედის. კრიპტო აქტივების ბაზრის გაფართოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება რეგულირების საკითხი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.

ამ კონტექსტში ფინანსური ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობის ასოციაციამ, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASP) აერთიანებს, სახელმწიფო უწყებებს მიმართა ინიციატივით, რომელიც ბაზარზე თანაბარი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ასოციაციის განცხადებით, საქართველოში მოქმედი რეგისტრირებული კომპანიები არათანაბარ გარემოში ოპერირებენ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ფუნქციონირებენ არარეგისტრირებული საერთაშორისო კრიპტო-პლატფორმები, რომლებიც ქვეყნის მარეგულირებელ ჩარჩოს მიღმა საქმიანობენ. აღნიშნული საკითხი ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მიმართვაში დააყენა.

 

არათანაბარი კონკურენცია და სისტემური რისკები

ადგილობრივი VASP-ები მიუთითებენ, რომ მათზე ვრცელდება ეროვნული მარეგულირებლის მოთხოვნები, რაც მოიცავს როგორც მომხმარებელთა იდენტიფიკაციასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ასევე ტექნიკურ, იურიდიულ და ოპერაციულ ხარჯებს. ამასთანავე, მათი თქმით, საერთაშორისო პლატფორმები, რომლებიც საქართველოში რეგისტრაციის გარეშე სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, ამ ვალდებულებებს არ ექვემდებარებიან.

სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ასეთი ვითარება ქმნის რამდენიმე სისტემურ პრობლემას:

  • იზრდება ფინანსური დანაშაულის რისკი
  • მცირდება მომხმარებელთა დაცვის დონე
  • ყალიბდება არათანაბარი კონკურენტული გარემო, რომელიც ადგილობრივი ინვესტიციების მოტივაციასასუსტებს

მათივე განცხადებით, რეგისტრირებული კომპანიები მნიშვნელოვან რესურსებს ხარჯავენ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, მაშინ როცა არარეგისტრირებული უცხოური სუბიექტები ამ ხარჯებს თავიდან ირიდებენ.

ევროპული მიდგომა როგორც შესაძლო გამოსავალი

ასოციაცია გამოსავლად ევროკავშირის მიერ მიღებულ MiCA (Markets in Crypto-Assets) რეგულაციიის მსგავს მიდგომას ასახელებს, რომელიც 2023 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს კრიპტო აქტივების რეგულაციის და გამჭვირვალე ჩარჩოს ჩამოყალიბებას. მათი შეფასებით, აღნიშნული მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მაგალითი საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც კრძალავს არალიცენზირებული სუბიექტების მიერ კრიპტო-მომსახურების აქტიურ შეთავაზებას კონკრეტულ იურისდიქციაში.

აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე თუ კომპანია არ ფლობს შესაბამის ავტორიზაციას, ევროპული პრაქტიკის მიხედვით,  მას ეკრძალება სამიზნე ქვეყნის მომხმარებელზე მიმართული მარკეტინგული აქტივობები. ეს მოიცავს ციფრულ რეკლამას, საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციას, სოციალური მედიის ბანერებს, ინფლუენსერების გამოყენებას, პარტნიორულ პროგრამებს, ადგილობრივ ენაზე ადაპტირებულ ვებგვერდებსა და ადგილობრივი ღონისძიებების ან სპორტული შეჯიბრებების სპონსორობას.

 

ასოციაციის ინიციატივის ძირითადი არსი

განსაკუთრებულიად მნიშვნელოვანია მომსახურების შეთავაზების ფორმები. საერთაშორისო პრაქტიკაში მკაფიოდ განირჩევა მომხმარებლის ინიციატივით მომსახურების მიღება („reverse solicitation“) და კომპანიის მხრიდან აქტიური მარკეტინგი („solicitation“) სამართლიანი და გამჭვირვალე ბაზრისთვის აუცილებელია ამორი ცნების მკაფიო გამიჯვნა, რათა რეგულაციებმა ეფექტურად იმუშაოს და არ შეიზღუდოს კანონიერი ეკონომიკური აქტივობა.

ასოციაციის შეფასებით, საქართველოში მოქმედი არარეგისტრირებული უცხოური პლატფორმების მიერ განხორციელებული მიზნობრივი ციფრული მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია ან ადგილობრივი ინფლუენსერების მეშვეობით პოპულარიზაცია უნდა ჩაითვალოს რეგულირებად საქმიანობად, როგორც ეს ევროპულ იურისდიქციებშია მიღებული.

 

დიალოგი და სარეგულაციო პოლიტიკის დახვეწა

ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის საქართველოს ეროვნული ბანკთან და სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან. მათი მიზანია ისეთი საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს, შეამცირებს ფინანსურ რისკებს და შექმნის თანაბარ პირობებს ბაზრის ყველა მონაწილისთვის.

სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული რეგულაციები ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით სანდო იურისდიქციის პოზიციონირებას და გააძლიერებს უცხოელი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.