კრაფტ ლუდის ადგილობრივი მწარმოებლები ერთობლივი მაღაზიის გახსნას გეგმავენ. როგორც ქვევრის ლუდის მწარმოებელი კომპანია "ვარძიას" დამფუძნებელმა ზაზა ზედგენიძემ "ბიზნესპარტნიორთან", აღნიშნა მაღაზია კრაფტ ლუდის ასოციაციის ფარგლებში გაიხსნება.

მისივე ინფორმაციით, კრაფტ ლუდის ასოციაციის ჩამოყალიბების პროცესი, სადაც თავდაპირველად 5-6 ადგილობრივი კრაფტ ლუდის მწარმოებელი იქნება გაერთიანებული, აქტიურად მიმდინარეობს.

"ასოციაციის წესდება უკვე გავლილი გვაქვს და პრინციპებზეც შეთანხმებულები ვართ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროცესი მარტის ბოლოს დასრულდება.

ჩვენს მაღაზიაში შესაძლებლობა გვექნება მომხმარებლებს ჩვენივე ლუდი შევთავაზოთ და მასტერკლასები ჩავატაროთ, რაც ვფიქრობ, რომ რეალიზაციაში და ფასისა და ხარისხის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა, რაზედაც კრაფტ ლუდის ყველა ადგილობრივი მწარმოებელი ვთანხმდებით არის ის, რომ დიდი მაღაზიები რეალიზებული პროდუქციიდან თანხის გადახდას აგვიანებენ, რაც ჩვენნაირი პატარა ლუდსახარშებისთვის შემაფერხებელია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენივე მაღაზია გავხსნათ, სადაც შემოსავლებს ჩვენვე გავაკონტროლებთ და უკეთ გვეცოდინება ვინ რამდენი გაყიდა.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი მაღაზიის გახსნა არსებულ სარეალიზაციო ობიექტებიდან გასვლას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, მაღაზიებში ლუდს ისევ შევიტანთ, უბრალოდ ეს იქნება პირველი მცდელობა, რომ ასოციაციის ფარგლებში ჩვენი მაღაზია გავაკეთოთ. თუ ეს წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ყველა უბანში გავხსნით. პირველი მაღაზია შეიძლება ითქვას, რომ სატესტო იქნება", - აცხადებს ზაზა ზედგენიძე.

შეგახსენებთ, ქვევრის ლუდის მცირე საწარმო ასპინძის რაიონში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე, 6 სახეობის ლუდს აწარმოებს.

bp.ge