8 კომპანიის მიერ განხორციელებული 13 ემისია, შემოსული 26 განაცხადი და 450 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი - „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. დაფინანსებულ ემისიებში უძრავი ქონების სექტორი და საფინანსო საქმიანობის მიმართულებები ჭარბობს.
პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.
სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.
“კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მზაობა და ინტერესი ადასტურებს, რომ არაერთი ბიზნესია მზად გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯებს.
ჩვენი სააგენტოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამიტომ, მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში“ - მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი.
სააგენტოს ინფორმაციით, 2028 წლამდე მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი. 2026 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზარზე არსებული კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“