2025 წლის 24 სექტემბრიდან საქართველოში ინოვაციური სტარტაპები და მცირე და საშუალო კომპანიები განსაკუთრებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. ცვლილებები სამ ტიპის სუბიექტს შეეხო: ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციურ მცირე და საშუალო კომპანიებს და კვლევით ორგანიზაციებს.

Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის ინფორმაციით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ს მქონე სუბიექტები პირველი სამი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადებისგან გათვისუფლდებიან.

,,ინოვაციური სტარტაპის სტატუსი - ეს არის სტატუსი, რომელიც იძლევა შეღავათებს საშემოსავლო და მოგების გადასახადში. პირველი 3 წელი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. პირველი 3 წელი ხელფასი არ იბეგრება საშემოსავლოთი, თუ თანხა არის თვეში არაუმეტეს 10 ათასი ლარისა. ანუ პირველი 3 წელი არ იქნება ხელფასის საშემოსავლო 20%. შემდგომი 3 წელი არის ხელფასის 5% საშემოსავლო და 5% მოგების გადასახადის ნაწილში, ე.წ. ესტონური მოდელის მოგების გადასახადი. ხოლო შემდგომი 4 წელი საუბარია 10-10%-იან განაკვეთზე - ხელფასის საშემოსავლო 10% და მოგების გადასახადი 10%. შეღავათები გაწერილია 10 წლიან პერიოდზე, სტატუსი უვადო არ არის. სტატუსის აღება 1 წლით ხდება და საჭიროა ყოველწლიურ გახანგრძლივება.

ვინ შეიძლება იყოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მაძიებელი: ეს არის პირი, რომელმაც მიიღო დაფინანსება 2 წლის განმავლობაში 100 ათასი ლარი გარკვეული სუბიექტებისგან ან მიიღო 150 ათასი ლარი გრანტის სახით სააგენტოსგან. ძირითადად, ეს არის პირი, სტარტაპი, რომელიც ავითარებს პრინციპულად ახალ ინოვაციურ პროცესს, პროდუქტსა თუ მომსახურებას.

მეორე სტატუსი არ ეხება მაინცდამაინც სტარტაპებს და შეიძლება, ეხებოდეს შემდგარ, უკვე არსებულ ბიზნესს. ამ სტატუსის სახელია ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია. თუ პირველ შემთხვევაში სტარტაპს მიღებული უნდა ჰქონდეს რაღაც კონკრეტული დაფინანსება, აქ პირიქით - უნდა ხარჯავდეს შემოსავლებიდან გარკვეულ თანხებს ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად. ეს არის კომპანიის წინა წლის შემოსავლების 5%, არანაკლებ 100 ათასი ლარისა. პირს მოეთხოვებოდა დამატებითი პუნქტების შესრულებაც. რაც შეეხება შეღავათებს: ამ სტატუსის მქონე ბიზნესის შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ მოხდება დახარჯული თანხის სამმაგი ოდენობის მოგების გადასახადის შემცირება",- ამბობს პაპიაშვილი რადიო "კომერსანტის" ეთერში.

პაპიაშვილი ყველა სახის ბიზნესის  დაბეგვრის მომხრეა, თუმცა განმარტავს, რომ ქართულ რეალობაში, მიგრაციის და სხვა რეალობის გათვალისწინებით, ეს არასწორი იქნება. 

,,ზოგადად, მომხრე ვარ იმის, რომ ყველა დავიბეგროთ, თუმცა, ჩვენს რეალობაში, იმ მიგრაციისა თუ სხვა პროცესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნება. რაც შეეხება 40 ათასიდან 60 ათასამდე ზღვრის გაზრდას, საერთო სურათს ეს დიდად არ შეცვლის. თუმცა, შესაძლოა, ეს სამართლიანი იყოს, ვინაიდან 40 ათასიანი ზღვრის დადგენა ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ამასთან, ბევრი ადამიანის ყოფა არ გაუმჯობესებულა",- აღნიშნა Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა.