„კახური ტრადიციული ჩურჩხელას“ წარმოება მარიამ ქევხიშვილმა 4 წლის წინ დაიწყო. როგორც მარიამი „კომერსანტთან“ საუბრისას იხსენებს, ოჯახში დამზადებული ჩურჩხელა გარშემომყოფებს ძალიან მოსწონდათ და მათმა დადებითმა უკუკავშირმა გააჩინა იდეა, რომ ჩურჩხელის რეალიზება ბაზარზე დაეწყოთ. დღეს „კახური ტრადიციული ჩურჩხელა" საკუთარ ვენახში მოყვანილი ყურძნისა და ბადაგისგან 5 სახის ჩურჩხელას ამზადებს და ონლაინ გაყიდვებიდან სავაჭრო ცენტრებში გეგმავს პროდუქციის რეალიზაციას.
„უშუალოდ ჩემი ფუნქცია-მოვალეობა წარმოების პროცესისთვის საჭირო ნედლეულის მობილიზებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა,“ - გვიყვება „კახური ტრადიციული ჩურჩხელას“ დამფუძნებელი მარიამი ქევხიშვილი, - „რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის სრულად დაგეგმვას, წარმოების ვადების შემუშავებას, მომხმარებლებთან ურთიერთობას, მარკეტინგული აქტივობებს, სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.
ინსპირაცია გაჩნდა მაშინ, როცა ჩვენთვის, ოჯახისთვის ვამზადებდით ჩურჩხელას, რომელიც გარშემომყოფებს ძალიან მოსწონდათ და მათმა დადებითმა უკუკავშირმა გააჩინა იდეა, რომ ჩურჩხელის წარმოება დაგვეწყო და გაგვეყიდა. ამას დაემატა ისიც, რომ გურჯაანის რაიონში ჩვენივე ვენახები გვაქვს და ჩვენი ყურძნით ვამზადებთ ჩურჩხელის ერთ-ერთ მთავარი და მნიშვნელოვან ინგრედიენტ - ბადაგს.
ნიგოზსაც ქართველი ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ქართველ ფერმერები. აქტიურად ვმუშაობთ წარმოების გაზრდაზე. ამ შემოდგომაზე უკვე ავიღეთ ახალი ბადაგის მარაგები და შესაბამისად უკვე დავიწყეთ ახალი ჩურჩხელის წარმოებაც“, - აცხადებს მარიამ ქევხიშვილი.
„კახური ტრადიციული ჩურჩხელა“ 5 სახის ჩურჩხელას ამზადებს, რომელთა ფასები 3.5-4 ლარია და ჩურჩხელის ფასი ყურძნის ჯიშსა და ბადაგზეა დამოკიდებული.
„ვამზადებთ რქაწითლის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზის და თხილის ჩურჩხელა, საფერავის ყურძნის წვენისგან დამზადებული ნიგვზის და თხილის ჩურჩხელა. გვაქვს მთლიან ლებნებზე დამზადებული ბურთულებიც. ფასები განსხვავდება ყურძნის წვენიდან გამომდინარე. რქაწითელი ყურძნის წვენისგან დამზადებული ჩურჩხელის ღირებულება არის 3.5 ლარი, ხოლო საფერავის - 4 ლარი.
პროდუქციას ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით ვყიდით, თუმცა ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კორპორაციული შეკვეთებს ვამზადებთ, ცნობადობის გაზრდაში სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობაც“, - აცხადებს მარიამი ქევხიშვილი.
მისთვის მთავარ გამოწვევა ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტის ნაკლებობაა, რაც „კახური ტრადიციული ჩურჩხელისთვის“ ერთგვარი შესაძლებლობაა, რადგან ისინი მხოლოდ ნამდვილ, კახურ, ტრადიციულ, ხარისხიან პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებელს.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „კახური „ტრადიციული ჩურჩხელას“ გეგმები დაკავშირებულია წარმოების ზრდასთან და გაფართოებასთან. მარიამი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე მუშაობენ და გეგმავენ, რომ რომელიმე სავაჭრო მოლში მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია.