"მიმდინარე წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტების გაძვირება 9-15%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი", - ამის შესახებ დაზღვევის კავშირში აცხადებენ.
როგორც კავშირის გენერალურმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, სამედიცინო დაზღვევის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ინფლაცია, სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა. კავშირში აღნიშნავენ, რომ მეორე კომპონენტი თავად მოსახლეობის მხრიდან დაზღვევის სერვისების გამოყენების ზრდაა.
“ვფიქრობ, ყველაზე მინიმუმ წელს სამედიცინო დაზღვევის პაკეტი 9%-ით გაძვირდება. უნდა აღინიშნოს, რომ კერძო დაზღვევის ფასების ზრდა მხოლოდ ინფლაციით არაა განპირობებული. კერძო დაზღვევის დიზაინი მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებითაც იცვლება. მოსახლეობა მუდმივად ამატებს ახალ სამედიცინო სერვისებს, ლიმიტებს და ამის გამოც ძვირდება ჯანმრთელობის დაზღვევა. აქ არის ორი მდგენელი - ერთი არის სურვილებისა და მოთხოვნების მდგენელი და მეორე - ინფლაციური ფაქტორი. ჩემი ვარაუდით, წელს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებზე ფასების ზრდა 9-15%-ის ფარგლებში იქნება”, - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მაისში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი წლიურად საშუალოდ თითქმის 9%-ით იყო გაძვირებული.