საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ჯანდაცვის ინფლაციის მიზეზების შესწავლის შედეგებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ 170-მდე სტაციონარული დაწესებულება და 2025 წელს მათ მიერ შეთავაზებული დაახლოებით 13 000 სამედიცინო სერვისი შეისწავლა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, შესწავლილი სერვისებიდან დაახლოებით 400-ის შემთხვევაში 100%-იანი ან უფრო მაღალი ფასნამატი გამოვლინდა. ამ ეტაპზე სააგენტო აღნიშნული ფასნამატების შემადგენლობასა და გამომწვევ მიზეზებს სწავლობს.
მისივე განცხადებით, სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი დასკვნით ეტაპზეა და საბოლოო ანგარიში წლის ბოლოს გამოქვეყნდება.
ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კლინიკებმა უკვე წარადგინეს, თუმცა კვლევის კონკრეტული შედეგები მათთვის ჯერ ცნობილი არ არის.
ასოციაციის წარმომადგენლის, მაია მახარაშვილის განმარტებით, 13 000 შესწავლილი სერვისიდან 400 შემთხვევაში გამოვლენილი ფასნამატი საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ასოციაციამ კონკურენციის სააგენტოს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართა, თუმცა დეტალური მონაცემები ამ ეტაპზე არ მიუღია. მახარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის ინფლაციის მაჩვენებლებში მომსახურების ფასების რადიკალური ზრდა არ იკვეთება.