თბილისში საშუალო ზომის, 50-60 კვადრატული მეტრის ბინის ქირის ღირებულებამ 2026 წლის ივლისში კვადრატულ მეტრზე 10.1 აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ქირის ფასი 0.3%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური კვლევის მიხედვით, ფასების მცირე ცვლილება დედაქალაქის ქირის ბაზარზე შედარებით სტაბილურ დინამიკაზე მიუთითებს.

უბნების მიხედვით, ყველაზე ძვირი საცხოვრებლის დაქირავება კვლავ ვაკესა და მთაწმინდაზეა. ივლისში ქირის საშუალო ფასი ასეთია:

  • ვაკე — $15.1/კვ.მ;
  • მთაწმინდა — $13.0/კვ.მ;
  • საბურთალო — $11.4/კვ.მ;
  • კრწანისი — $10.8/კვ.მ;
  • ისანი — $10.2/კვ.მ.

ყველაზე დაბალი ტარიფები თბილისის გარეუბნებში ფიქსირდება. კერძოდ, სამგორში ქირის ფასი $8.5/კვ.მ-ს, გლდანში $8.6-ს, ხოლო დიდ დიღომში $8.7-ს შეადგენს.

თბილისი რეგიონში უძრავი ქონების ამონაგებით მესამე ადგილზეა

კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული საინვესტიციო ამონაგები 8.5%-ს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით თბილისი რეგიონში მესამე პოზიციაზეა. მას წინ უსწრებენ ანკარა, 9.5%-იანი ამონაგებით, და ტაშკენტი — 8.7%-ით. ამასთან, თბილისი აღემატება ასტანას (8.1%), ერევანს (7.3%) და ბაქოს (5.1%).

ევროპის შერჩეულ ქალაქებთან შედარებითაც თბილისის მაჩვენებელი მაღალია. მაგალითად, ბუქარესტში ქირის ამონაგები 4.3%-ია, რიგაში — 4.2%, ხოლო ვენასა და სოფიაში — 3.9%.

ბინის გაქირავება დოლარის დეპოზიტზე გაცილებით მაღალ ამონაგებს იძლევა

Galt & Taggart-ის კვლევაში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი საბანკო დეპოზიტების განაკვეთებსაც არის შედარებული.

მონაცემების მიხედვით, ლარის დეპოზიტებზე საშუალო უკუგება 9.6%-ს შეადგენს, ბინის გაქირავებიდან მიღებული ამონაგები — 8.5%-ს, ხოლო აშშ დოლარის დეპოზიტებზე — 2.4%-ს.

შესაბამისად, თბილისში ბინის გაქირავებიდან მიღებული ამონაგები დოლარის დეპოზიტის განაკვეთს თითქმის ოთხჯერ აღემატება, თუმცა ლარის დეპოზიტის 9.6%-იანი უკუგება უძრავი ქონების ამონაგებს 1.1 პროცენტული პუნქტით აღემატება.