რეალურად საქართველოში მცხოვრებ 4 სულიან ოჯახს ყოველთვიურად 4500-5000 ლარი სჭირდება, ელემენტარული საჭიროებები რომ დაიკმაყოფილოს, - აცხადებს ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ნიკოლოზ ალავიძე იმასაც აღნიშნავს, რომ გერმანიაში 150%-ით იაფია ცხოვრება ვიდრე საქართველოში.

„ადვილად მოსაძიებელია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, მათ შორის, numbeo-ს კვლევები, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოში ცხოვრების ხარჯი 150%-ით აღემატება განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას, მათ შორის, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, აღმოსავლეთ ევროპის. ჩვენთან ცხოვრების ხარჯი 20-30%-ით აღემატება ჩვენს მეზობლებსაც - სომხეთსა და აზერბაიჯანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შემოსავლისა და ხარჯების კორელაცია ერთმანეთთან აღმატებულია 150%-ით, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

სამომხმარებლო ფასების კალათა, რომელიც საჭიროა 4-სულიანი ოჯახისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების გამოთვლებით და არა საქსტატის მოგონილი ციფრებით, საქართველოში თვეში მინიმუმ 4-5 ათას ლარამდეა ქირის გარეშე. აქ შედის კვების, ელემენტარული გადაადგილების, განათლებისა და კომუნალური გადასახადების გასაშუალოებული მონაცემი“, - აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.