Embraer 190-ის ავიაკატასტროფის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. მათ შორის არის აზერბაიჯანი და ყაზახეთი. მოსკოვის მიმართულებით რეისებს ერთი კვირით აუქმებს ისრაელის ეროვნული ავიაგადამზიდავი El Al-ც. ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თელ-ავივიდან მოსკოვის მიმართულებით 1 კვირის განმავლობაში შეჩერებულია ყველა ფრენა.
,,კომერსანტი'' დაინტერესდა იგეგმება თუ არა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით რეისების გაუქმება. ჩვენ ავიაკომპანია ,,Georgian airways''-ის პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე ფრენების გაუქმება ან გადადება არ განიხილება.
,,ჩვენს ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში და ვაკვირდებით პროცესების განვითარებას. ჯერჯერობით არ ვაუქმებთ ფრენებს. მსხვილი კომპანიები აგრძელებენ რუსეთის მიმართულებით რეისებს და ჩვენც ამ ეტაპზე ვაგრძელებთ.''- განგვიცხადეს Georgian airways-ის პრესსამსახურში.
რამდენიმე ქვეყანამ რუსეთის მიმართულებით ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში ავიაკატასტროფა მოხდა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარი გამოძიებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.