სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“ აცხადებენ, რომ ბოლო წლების დინამიკაში გაზის დეტექტორებზე მოთხოვნა დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. კომპანიის შეფასებით, პროდუქტის გაყიდვების ზრდაზე გავლენას უბედური შემთხვევებიც ახდენს.
როგორც კომპანიის კატეგორიის მენეჯერმა, ირმა შავაძემ, „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გაზის დეტექტორს უმეტესად ახალი კორპუსების მცხოვრებლები ყიდულობენ.
„გაზის დეტექტორები ჩვენ იმპორტით არ შემოგვაქვს. ადგილობრივი მომწოდებლისგან ვიღებდით და შემდეგ პროდუქტის რეალიზაციას ვახდენდით. ყოველთვიური რეალიზაცია დაახლოებით 70-80 ცალი იყო. მოთხოვნა უმეტესად ფიზიკური პირებისგან ფიქსირდებოდა, თუმცა ამჟამად ჩვენი მომწოდებელი მარაგების შევსებას ელოდება და, როგორც კი შეავსებს, ფილიალებს მოვამარაგებთ. ბოლო სამი თვეა, პროდუქტი ხელმისაწვდომი არ გვაქვს.
შემოდგომაზე მოთხოვნა უფრო მეტად იზრდება, რადგან გაზის მოხმარება სისტემატურ სახეს იღებს. გაზის დეტექტორები იყო როგორც ჩინური, ისე თურქული წარმოების.
მომართვიანობა უფრო მეტად არის გაზრდილი. უბედური შემთხვევები მოთხოვნაზე გავლენას ახდენს, თუმცა ისე არ არის, რომ ასეთი შემთხვევების მიღმა პროდუქტზე მოთხოვნა არ არსებობდეს. გაზის დეტექტორს უფრო მეტად ახალი კორპუსების მცხოვრებლები ყიდულობენ. ძველი კორპუსების მაცხოვრებლების მხრიდან მომართვიანობა ხშირი არ არის. როდესაც ინტერესი არ არსებობს, აუცილებელია, საკითხს კანონი არეგულირებდეს“, - განაცხადა ირმა შავაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია, გაზის დეტექტორი ყველას ჰქონდეს და რეგულარულად შემოწმდეს, არის თუ არა ის მუშა მდგომარეობაში.
„რეალურად, ეს არის ის პროდუქტი, რომელმაც გვაჩვენა, რამდენად დიდი საფრთხის თავიდან აცილებაა შესაძლებელი“, - განაცხადა ირმა შავაძემ.
რაც შეეხება გაზის დეტექტორის მონტაჟს, კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ნოვას“ გაზის დეტექტორის მონტაჟის სერვისი არ აქვს.
ცნობისთვის, ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორი გამოიყენება ბუნებრივი ან მხუთავი აირის გაჟონვის დასადგენად. გაზის დეტექტორი განკუთვნილია ბინების, კერძო სახლების და კომერციული ფართების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სადაც შესაძლებელია ბუნებრივი ან მხუთავი აირის არსებობა.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.