თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები ინგოროყვას კლინიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძე  ერთად მოინახულა.

 

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა უწყების წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაშავებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.

 

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში მალე გაეწერებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელებს, რომლებიც ამ მძიმე დღეებში იბრძოდნენ ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზად არის, დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლით უზრუნველყოს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, კორპუსის დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზოს. 

 

„28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული კორპუსის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში განაგრძობენ ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზადაა  იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.