17-18 ოქტომბერს საფრანგეთში მომხდარმა მასობრივმა არეულობებმა ეკონომიკის დაზღვეულ სექტორს 207 მილიონი ევროს ოდენობის ზიანი მიაყენა. „საფრანგეთის სადაზღვევო ასოციაციამ“ ეს მონაცემები 12 ნოემბრის მდგომარეობით 5280 სადაზღვევო მოთხოვნის განხილვის შემდეგ მიიღო, იტყობინება „ტასი“ სადაზღვევო ორგანიზაციაზე დაყრდნობით.
ძირითადი დარტყმა ბიზნესზე მოდის: საწარმოების მფლობელებმა 198 მილიონი ევრო დაკარგეს, რაც მთლიანი თანხის 95%-ზე მეტია. ფიზიკური პირების ქონება 3.5 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დაზიანება 6 მილიონ ევროდ.
სადაზღვევო კომპანიები აღნიშნავენ განადგურების ანომალიურად მაღალ მასშტაბს, არეულობის მოკლე პერიოდის გათვალისწინებით, რომელსაც თან ახლდა ნგრევა და ძარცვა რამდენიმე ქალაქში. შედარებისთვის, 2005 წელს, მიგრანტების „სოციალური არახელსაყრელი მდგომარეობისა“ და მაღალი უმუშევრობის წინააღმდეგ ოთხკვირიანი საპროტესტო აქციის დროს, მოქალაქეებმა 209 მილიონი ევროს ოდენობის ზარალი განიცადეს.
2018-2019 წლების „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციები, რომლებიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, სადაზღვევო კომპანიებს 256 მილიონი ევრო დაუჯდათ.
ახლა კომპანიებმა სადაზღვევო მოთხოვნების წარდგენის ვადა ხუთიდან 30 დღემდე გაზარდეს. ექსპერტებმა შესაძლოა წინასწარ მაჩვენებლებს გადახედონ ყველა შემოწმებისა და შეფასების დასრულების შემდეგ. მანამდე, საფრანგეთის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი მომიტინგეების კოლექტიური პასუხისმგებლობის შესახებ.