„გაყიდვები მცირდება, ბრუნვა იკლებს და ბიზნესის ტრადიციული დარგები იკუმშება“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისის ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარაშვილი აცხადებს.

მანვე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა ის უარყოფითი ეფექტი, რაც შექმნილ კრიზისს მოჰყვება, გაზაფხულზე გახდება ნათელი.

„ეკონომიკური ზრდის პროცესს სჭირდება საწვავი, ეს საწვავი არის ინვესტიციები და უცხოური ვალუტის შემოდინება. ამჟამად ქვეყანაში უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი აჩერებს იმ მსხვილ პროექტებს, რომლითაც ვალუტა შემოედინებოდა ქვეყანაში. ამასთან ერთად, ბიზნესის ტრადიციული დარგები იკუმშება, რადგან გაყიდვები მცირდება და ბრუნვა აღარ არის. მიმდინარე მოვლენებს ბუმერანგის ეფექტი ექნება და ვიზიარებ პოზიციას, რომ გაზაფხულზე უფრო ნათელი გახდება მთელი ის ნეგატიური ეფექტი, რომელის წინაშეც აღმოჩნდება ბიზნესი და ქვეყანა“, - ამბობს ყარალაშვილი.

მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის შეჩერებულ ფულად და ტექნიკურ დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან მათ მიერ ქვეყნისთვის გაწეული დახმარება სტაბილურობის შენარჩუნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„2400-მა ბიზნესმა დააფიქსირა თავისი მოთხოვნა: დამოუკიდებელი, სამართლიანი ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საქართველო არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და ძლიერი სუბიექტი, რომ შეძლოს არსებული პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება. ჩვენ სრულად ვართ ინტეგრირებული დასავლურ სტრუქტურებში და ის არასწორად მართული პროცესები, ევროპული კურსიდან გადახვევა, სანქციების შიში და უარყოფითი მოლოდინები, რაც ქვეყნის წინაშე დგას, მნიშვნელოვნად აისახება ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე. აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სიტუაციის ნორმალიზება, რადგან მათი მხრიდან შემოსული ფინანსური ნაკადები კრიტიკულია იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს და გავაგრძელოთ ნორმალური განვითარება“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ბიზნესპრესნიუსი