საქართველოში უცხოელი ტურისტების, განსაკუთრებით კი ჩინელი და ინდოელი სტუმრების ზრდის ფონზე, ქართულ ჰორეკა სექტორს მზარეულების აზიიდან ჩამოყვანა მოუწიათ. როგორც სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, საქართველოსთვის ინდოელი და ჩინელი ტურისტი ახალია და ამიტომ ვცდილობთ, ჩამოვიყვანოთ ჩინეთიდან მზარეულები და დავატრენინგოთ ჩვენი პერსონალი, რათა აქ ჩამოსული ტურისტები კმაყოფილები დაბრუნდნენ უკან.

უცხოელი მზარეულების საქართველში ჩამოყვანა არახალია და როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კოტე გაბრიჩიძემ განაცხადა, ქვეყანაში უკვე მრავლად არიან როგორც ჩინელი ან ინდოელი, ასევე უზბეკი, ყაზახი შეფ-მზარეულები.

„უცხოელი მზარეულების ჩამოყვანა ჩვეულებრივი პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში. ვიღაცას ქართველი მზარეულიც მიჰყავს ამერიკაში ან ევროპაში.

ჩვენთან მრავლად არიან როგორც ჩინელი ან ინდოელი, ასევე უზბეკი, ყაზახი შეფ-მზარეულებიც. შემდეგ ქართველები ისწავლიან და ისინი გააგრძელებენ კერძების მომზადებას თუ დარჩებიან ეს მზარეულები საქართველოში, მათი დამქირავებლის გადასაწყვეტია, რადგან ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, ინდოელზე უკეთ ინდურ სამზარეულოს ქართველი ვერ მოამზადებს, მაგრამ მისი ჩამოსახლება საკმაოდ ძვირი ჯდება.

„ინდოელზე უკეთ ინდურ სადილებს ქართველი ვერ მოამზადებს, მაგრამ ეს საკმოდ ძვირია.

იყო შემთხვევა, იტალიელი მზარეული მთხოვდა, დავრჩები აქ სამუშაოდო, მაგრამ უნდა მექირავა ბინა, გადამეხადა უფრო მეტი ხელფასი და „ვერ გავქაჩე“. ძალიან კარგი იქნებოდა რომ დარჩენილიყო, მაგრამ საკმაოდ ძვირი ჯდება“ - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი