„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი.

„ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით.

კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა.

„ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ – გვითხრეს „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურზე.

„დროებით არ არის შესაძლებელი ბარათით გადახდა. როდიდან აღდგება ბარათით გადახდა ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ცხელი ხაზის ოპერატორმა.

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ 22 ოქტომბერს დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ ეხება.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციების დოკუმენტს დაურთო დანართი, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2025 წლის 21 ნოემბრამდე სანქციები არ შეეხებოდა რუსეთს გარეთ მდებარე ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებს.

მოგვიანებით აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა – OFAC ვადა სამი კვირით გადაწია და თქვა, რომ სანქციები „ლუკოილის“ მიმართ 2025 წლის 13 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„ბათუმელებმა“ სცადა კომპანიისგან ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება, თუმცა ამ ეტაპზე „ლუკოილ ჯორჯიასგან“ რაიმე განმარტება ვერ მივიღეთ.

netgazeti.ge