აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ჟვანიას შეფასებით, რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაზრდა პოზიტიური ტენდენციაა, მაგრამ სხვადასხვა სექტორში მისი გავლენა განსხვავებულია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეკონომიკურ ზრდის ოფიციალური სტატისტიკის ბიზნესში ასახვას შეეხებოდა.
მისი თქმით, თავად კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ და მისი კლიენტებიც სტაბილურ ზრდას აჩვენებენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად ბიზნესის ყოველდღიურობაში აისახება. ამასთან, ირაკლი ჟვანია ხაზს უსვამს იმას, რომ ზოგიერთ სექტორში ეფექტი უფრო შესამჩნევია (მაგალითად, ტურიზმში), ზოგში კი - ნაკლები.
რაც შეეხება ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს, რომელიც ბოლო წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება, „ქუდოს ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი ამბობს, მსგავსი მერყეობა საქართველოსთვის ახალი არაა და მაჩვენებელი ხშირად მსხვილი ტრანზაქციების მიხედვით იცვლება.
„ჩვენი ქვეყნისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების ასეთი მერყეობა ახალი არ არის. არის ხოლმე პერიოდები, როცა იზრდება მაჩვენებელი და არის ხოლმე პერიოდები, როცა მცირდება, რაც, რა თქმა უნდა, მტკივნეულია. ჩემი დაკვირვებით, დღესაც და წინა პერიოდშიც, გარდა იმისა, რომ შეიძლება ვიღაცამ თავი შეიკავა თავი ინვესტირებისგან, ჩვენი FDI-ს მონაცემები დიდწილად დამოკიდებულია ხოლმე კონკრეტულ ტრანზაქციებზე. მაგალითად, გვახსოვს, GWP-სთან, რუსთავის აზოტთან დაკავშირებული ტრანზაქციები, რამაც წინა პერიოდებში {FDI-ს ზრდაზე მყისიერად იქონია გავლენა]“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მოიზიდოს მეტი ახალი FDI სხვადასხვა სექტორში და შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.
ირაკლი ჟვანია არ გამორიცხავს, რომ 2025 წლის ბოლომდე კონკრეტულმა ერთმა ან ორმა ტრანზაქციამ წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული FDI-ის კლების ტენდენცია შეცვალოს.
- Emaar-ის 6-მილიარდიანი პროექტის განხორციელება თუ დაიწყო, ბუნებრივია, FDI-ზე პოზიტიური გავლენა ექნება...
- რა თქმა უნდა. Emaar-თან დაკავშირებით სერიოზულ ინვესტიციაზეა საუბარი. არ მგონია, FDI-ს წლევანდელ სტატისტიკას შეეხოს, თუმცა ჩემი ინფორმაციით, უკვე ემზადებიან საქართველოში ოფისის გასახსნელად და ყოველთვის, როცა ასეთი სიდიდის ინვესტიციაზე ვსაუბრობთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას გავლენა ექნება სხვა მომიჯნავე დარგებში ინვესტირებაზე და ასევე, სხვა კომპანიებისთვისაც შეიძლება მისაბაძი მაგალითი იყოს. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტის დაანონსების შემდგომ, არაბული ქვეყნებიდან დაგვიკავშირდა სამი ინვესტორი უძრავი ქონების სექტორიდან, რომელთაც საქართველოს ბაზრის მოკვლევა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ Emaar-ის მსგავსი დიდი ჯგუფი აპირებს ინვესტიციების ჩადებას.... მეორე მხრივ, შეიძლება, ჩვენ ვესაუბროთ 10 ჯგუფს, რომლებიც შემდეგ საქართველოს სხვა ქვეყნებსაც შეადარებენ და საბოლოოდ, შესაძლოა, საქართველო ან აირჩიოს, ან - არა, მაგრამ ფაქტია, Emaar-ის პროექტის შესახებ საჯარო განცხადებებმა ჩვენ ახალ კლიენტებს დაგვაკავშირა, რომლებიც აქამდე საქართველო ბაზარს საერთოდ არ იცნობდნენ.
ცნობისთვის: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს FDI 18.6%-ით შემცირდა და ქვეყანაში სულ 1.6 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება 2025 წლის შედეგებს, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 12%-ით, 580 მლნ დოლარამდე შემცირდა. წლის პირველ ნახევარში კი, FDI-ს სახით ქვეყანაში 764 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15,5%-იანი ვარდნაა.