2027 წლისთვის, მსოფლიო ბანკი ოქროს ღირებულების კლებას პროგნოზირებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ბანკის განახლებული პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის, 1 უნცია ძვირფასი მეტალის ფასი 4600 დოლარს მიაღწევს, 2027 წლისთვის კი - 4250 დოლარამდე შემცირდება.

ამჟამად, 1 უნცია ოქრო 3,960 დოლარად ივაჭრება, თუმცა წლის ბოლომდე, ძვირფასი მეტალის გაძვირების მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი აჩენს.

როგორც Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი განმარტავს, პირველი მიზეზი მსოფლიოში ნავთობის ფასების კლება და შესაბამისად, ინფლაციის ზრდის მოლოდინის შემცირებაა, რაც ავტომატურად ზრდის ხოლმე ოქროს ფასს.

თავად ოქროს ნაკეთობების მწარმოებლები კი, სხვა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, წინა საახალწლო პერიოდში ოქროზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, რაც ფასებზე ზეწოლას ახდენს.

„ველოდებით, რომ უახლოეს პერიოდში, 1 უნციის ღირებულება, დაახლოებით, 200 დოლარით გაიზრდება. ცხადია, ჩვენთვის - მწარმოებლებისთვის, ოქროს ფასების მერყეობა სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, ოქროს მარაგები მაშინ შევივსოთ, როცა ფასები შედარებით დაწეულია. ახლა, სწორედ ასეთი პერიოდია. ძვირფასი მეტალის ღირებულება შემცირებულია და ამიტომ, ჩვენც ვცდილობთ მარაგები მაქსიმალურად შევივსოთ, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნაკეთობები არ გავაძვიროთ“, - აღნიშნა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, ოქროს ფასების ზრდაზე ზეწოლას ახდენს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს რეზერვების შევსება. 2026 წლის 10 თვის მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე ოქროს შესყიდვების დინამიკას სწორედ ცენტრალური ბანკები განსაზღვრავენ. World Gold Council-ის ცნობით, მიმდინარე წელს ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველები პოლონეთი და ჩინეთი არიან. პოლონეთმა 122 ტონა, ჩინეთმა კი - 103 ტონა შეიძინა.

bp.ge