საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ბოლო ათ წელიწადში 5.6%-ით გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ უცხოელი მიგრანტების ხარჯზე. დემოგრაფების განცხადებით, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ ეს პრობლემა ბოლო ათ წელიწადში კი არა, 2000-იანი წლების დასაწყისიდან გამოიკვეთა, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით, ქვეყანაში უცხოელი მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა. პრობლემა სერიოზულია, თუმცა გამოსავალიც არსებობს - აუცილებელია პირადობის მოწმობასა და პასპორტში ეროვნების გრაფის აღდგენა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4 ათასამდე გაიზარდა. 2015-2019 წლებში ბუნებრივი მატება ჯერ კიდევ დადებითი იყო, თუმცა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მიგრაციული სალდო უმეტესად ზომიერი რჩებოდა.

2020 წლიდან ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფით ნიშნულზე გადავიდა. 2022-2024 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8 ათასი კაცი). ამასთან, აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის საერთო რაოდენობამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა და 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 169.9 ათასით გაიზარდა.

2015-2025 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად რამდენიმე რეგიონში: თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა.

„2015-2019 წლებში მიგრაციული ნაკადები შედარებით სტაბილური იყო: იმიგრანტების რიცხოვნობა - 84.3-დან 94.1 ათასამდე, ხოლო ემიგრანტებისა - 75.7-დან 90.8 ათასამდე მერყეობდა. შესაბამისად, მიგრაციული სალდო შედარებით დაბალი და სტაბილურად დადებითი იყო (+1.1-დან +8.6 ათასამდე). 2020-2021 წლებში ნაკადების მოცულობა მკვეთრად შეიცვალა. 2020 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 58.0 ათასამდე შემცირდა, რის შედეგადაც მიგრაციულმა სალდომ +19.1 ათასი შეადგინა. 2021 წელს კი, საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტოდ, დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (-11.0 ათასი). 2022-2024 წლებში აღინიშნა მიგრაციული აქტივობის მკვეთრი ზრდა და მაღალი დადებითი მიგრაციული სალდო. 2022 წელს იმიგრანტების რიცხოვნობამ 200.2 ათასს მიაღწია, ხოლო მიგრაციულმა სალდომ საანგარიშო პერიოდის მაქსიმუმი, +89.0 ათასი შეადგინა. 2023-2024 წლებში მიგრაციული სალდო, შესაბამისად, +54.8 და +40.0 ათასი იყო. ჯამში, 2022-2024 წლებზე მოდის 2015-2024 წლების კუმულაციური დადებითი მიგრაციული სალდოს დაახლოებით 86 პროცენტი“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

რას ნიშნავს ქვეყნის მოსახლეობის ზრდა უცხოელი მიგრანტების რაოდენობის ზრდის ხარჯზე და რა საფრთხეს შეიცავს ეს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის? დემოგრაფი ანზორ სახვაძე აცხადებს, რომ „საქსტატის“ ეს ინფორმაცია მაინცდამაინც ზუსტი არ არის, რადგან წლების წინ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობასა და პასპორტში გაუქმდა ეროვნების გრაფა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ეროვნების და რამდენი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში.

„საერთოდ, მოსახლეობის ეროვნული ნიშნის მიხედვით აღრიცხვა ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. მიმდინარე აღრიცხვის საშუალებით, ჩვენ ვეღარ ვიგებთ, რა ეროვნების და რამდენი ადამიანია შემოსული საქართველოში. ეს გამოწვეულია იმით, რომ თავის დროზე, წლების წინ, ჩვენს პირადობის მოწმობასა და პასპორტში გრაფა - ეროვნება იქნა ამოღებული. ამის გამო, არ ვიცით, რამდენი იბადება ქართველი, რუსი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემებიც, რაც გამოაქვეყნა „საქსტატმა“, შესაძლოა, სწორი არც იყოს.

როდესაც პირადობის მოწმობაში გვეწერა ეროვნება, მაშინ ზუსტად ვიცოდით, რა რაოდენობის რუსი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი თუ სხვა ეროვნების ადამიანი იბადებოდა ქვეყანაში. ახლა კი ასეთი პირდაპირი მონაცემები აღარ გვაქვს. ერთადერთი ფორმა, რომელიც ეროვნების შესახებ მონაცემებს იძლევა, ეს არის მოსახლეობის აღწერის მონაცემები, სადაც დაფიქსირებულია ეროვნება, ოღონდ სავალდებულო ნიშნად არ არის მიჩნეული. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს საკუთარ ეროვნებას. შესაბამისად, ეროვნული ნიშნის მიხედვით სტატისტიკური მონაცემები არასრულია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ანზორ სახვაძემ.

მისი აზრით, ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი არსებობს - აუცილებლად უნდა აღდგეს გრაფა ეროვნების შესახებ. დემოგრაფმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გვეცოდინება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ეროვნების და რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში.

განსხვავებული პოზიცია აქვს დემოგრაფ ავთო სულაბერიძეს, რომლის განცხადებითაც უცხოელი მიგრანტების ხარჯზე მოსახლეობის ზრდა ბოლო ათი წლის წინ კი არა, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

„მანამდე საქართველოდან გავიდა მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. რაც შეეხება უცხოელ მიგრანტებს, ზოგადად, 94 ქვეყანასთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული მიგრაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად მოქმედებს მოსახლეობის შემადგენლობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ 94 ქვეყანასთან გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ცხადია, უცხოელ მიგრანტებს ქვეყანაში შემოსვლას ვერ ავუკრძალავთ. გარდა ამისა, არის მეორე მომენტიც - დროებით შემოსული მიგრანტები, რომლებიც გარკვეულ ამინდს ქმნიან და ესეც ზრდის მოსახლეობის რაოდენობას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ავთო სულაბერიძემ.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და საქართველოდან წასული ემიგრანტების უკან, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე მუშაობაა.

„აი, ეს არის გამოსავალი. გარდა ამისა, აუცილებელია გარკვეული ფინანსური დახმარება ახლადშექმნილი ოჯახებისთვის, მრავალშვილიანი დედებისთვის და რაც მთავარია, აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე, გამოსავალია შობადობის ზრდაც და ამ მხრივ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო აწ განსვენებული პატრიარქის ინიციატივა, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ახალი მძლავრი მექანიზმი არ შემუშავებულა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სულაბერიძემ.

წყარო: რეზონანსი