ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების შედეგები ვაჭრობაში ჯერ არ ასახულა. ასოციაციის ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას აზიანებს. გრძელვადიან პერიოდში კი უკვე ვაჭრობასა და კონკრეტულ რიცხვებში აისახება. გვანცა მელაძე აცხადებს, რომ ეკონომიკურ ეფექტს დაახლოებით 6 თვეში დავინახავთ. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ ვაჭრობა პირველ ეტაპზე, ბიზნესებს შორის გაუარესებული ურთიერთობებიდან გამომდინარე და ქვეყნის მიმართ ნდობის დაკარგვის მიზეზით შემცირდება.
,,ჯერ ძალიან ადრეა საუბარი, მაგრამ გრძელვადიანში აისახება. ექვსი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ დადგეს რამე შედეგი და სტატისტიკაში აისახოს. ყოველდღიურად უარესდება ქვეყნის რეპუტაცია და შესაბამისად აისახება ბიზნესზეც და ექსპორტიორებზეც. გრძელ ვადაში რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აისახოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. უბრალოდ, ამისი წინასწარ განჭვრეტა ძალიან რთულია. კონკრეტული შეთანხმებების ანულირება ჯერ არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, პირდაპირი შედეგი, რომ რაიმე დაიბლოკოს ვერ იქნება. ჩვენ ველოდებით, რომ დაიკლებს ვაჭრობა, იმის ხარჯზე, რომ გაუარესდება ურთიერთობები თვითონ ბიზნესებს შორის და დაიკლებს ნდობა ქვეყნის მიმართ. დროის პერიოდში გამოჩნდება უკვე ციფრებში. ყველაზე დიდი ეფექტი რაც უკვე გვაქვს ეს არის გაურკვევლობა. გაურკვევლობა შემდეგ რა თქვა უნდა, აისახება ფინანსურ შედეგებში. მე ვფიქრობ 6 თვის განმავლობაში უკვე გამოჩნდება. ჩვენი ექსპორტის სტატისტიკაში დომინირებენ დიდი კომპანიები. ძირითადად მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოწვეული იქნება იმ 5 კომპანიიდან, რომელიც ჩვენი ექსპორტის 30-40%-ს შეადგენს. მათ შორის ფეროშენადნობი, აზოტი, მადნეულის პროდუქცია, სპილენძის მადნები და ა.შ.’’- აცხადებს გვანცა მელაძე.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიზნეს სექტორში გაურკვევლობაა და მათ არ იციან, როგორ გააგრძელონ საქმიანობა. გვანცა მელაძე ამბობს, რომ ბიზნეს შეხვედრები აღარ იმართება, რადგან ევროპულ კომპანიებს საქართველოში შემოსვლის სურვილი არ აქვთ.
,,გაურკვევლობაა ბიზნესში. არ იციან საით მიმართონ სახსრები, რომელი მიმართულებით, რადგან არ იციან რა მოჰყვება ამ ყველაფერს და როგორ განვითარდება მოვლენები. აქედან გამომდინარე გვაქვს სრული სტაგნაცია. არავინ აღარ გვეკონტაქტება არა მარტო ექსტორტზე, იმპორტზეც კი არ არის მოთხოვნა, რომ საქართველოში რომელიმე ევროპული კომპანია შემოვიდეს. მოთხოვნები შემოდიოდა პარტნიორ კომპანიასთან, საკონსულტაციოსთან, რომელიც აწარმოებდა B2B შეხვედრების ორგანიზებას. უკვე თვეებია აღარ გვქონია არანაირი მოთხოვნა ამაზე და თავს იკავებენ ევროკავშირში იმპორტიორები ზოგადად მოლაპარაკებების დაწყებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ არ იციან რამდენად შეეხებათ ქართველ მეწარმეებს სანქციები. შეჩერებული გვაქვს ფაქტობრივად ასეთი ტიპის აქტივობა, რაც შეეხება რაიმე მოლაპარაკებას, შეხვედრების დაგეგმვას, მარკეტინგული სტრატეგიების გაწერას. თვითონ კომპანიებიც ფიქრობენ, როგორ დაგეგმონ შემდგომში, შემდეგ წლებში გაყიდვები.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში გვანცა მელაძე.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
,,იმ დღის მერე, როდესაც ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სანქციებს არ უერთდებოდა საქართველო დაიწყო პრობლემები. ახალი დაწყებული არ არის. მაშინ დაიწყო საქართველოს მიმართ რეპუტაციის გაშავება. იმ დღიდან დაიწყო, რასაც ჩვენ ნათლად ვადევნებთ თვალს, რომ აღარ არის ისეთი ნდობა ქართული კომპანიების მიმართ როგორიც იყო. მომართვიანობაც აღარ არის. ძალიან გვიჭირს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან. ვერ ვუდასტურებთ, რომ ქართული კომპანიები სანდო მიმწოდებლები არიან. რაც პრობლემაა.’’- აცხადებს გვანცა მელაძე.
ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დასავლელ პარტნიორებთან არსებული ხელშეკრულებები ჯერ გაუქმებული არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განახლებას ექვემდებარება, თუმცა ყველაფერი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.
,,ზოგადად საფრთხე შეექმნა, თუნდაც ასოცირების შეთანხმებას და გაუქმდა პარტნიორობის შეთანხმება ამერიკასთან. ეს ფაქტია. ამას რა შეიძლება მოჰყვეს ამას ნელ-ნელა, შემდეგ ვნახავთ. ახლა სიტუაცია ისეთია, რომ ეს ყველაფერი პირობითად არის შეჩერებული, ანუ შეწყვეტილი არ არის. ექვემდებარება განახლებას, იქიდან გამომდინარე თუ როგორ წარიმართება ქვეყანაში მოვლენები. ჯერ გამაფრთხილებელი პერიოდია.’’- განმარტავს გვანცა მელაძე.