ნოემბერში გერმანიის წარმოების მოცულობა, სავარაუდოდ, შემცირდება და კოვიდ-19-ის კრიზისის პიკის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს მხოლოდ 3.7%-ით გადააჭარბებს, რაც მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ ლიეტუვის ინდუსტრიულ სექტორში შეშფოთებას იწვევს. ამ ინფორმაციას ლიეტუვური ბიზნეს-გამოცემა „ვერსლო ჟინიოსი“ („ბიზნესის სიახლეები“) ავრცელებს.

„ციტადელ ბანკის“ ეკონომისტის, ალექსანდრას იზგოროდინასის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ლიეტუვის წარმოების მოცულობა 4%-ით გაიზარდა, ნოემბერში ექსპერტები გაცილებით მცირე, 0.11%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

„გერმანია ლიეტუვისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარია, რომელზეც ლიეტუვაში წარმოებული საქონლის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 12% მოდის“, - აღნიშნა იზგოროდინასმა. კიდევ უფრო დიდია ლიეტუვაზე გერმანიის ირიბი, არაპირდაპირი გავლენა, რაშიც მიწოდების ჯაჭვი იგულისხმება.

ლიეტუვის მრეწველთა კონფედერაციის (LPK) ეკონომისტი, ეგლე სტონკუტე ამბობს, რომ გერმანიის საწარმოო სექტორში ზრდის ტემპის შენელება უკვე ახდენს გავლენას ლიეტუველ მწარმოებლებზე.

იმავდროულად, „არტეა ბანკის“ მთავარი ეკონომისტი, ინდრე გენიტე-პიკჩიენე იზიარებს ანალიტიკოსების შეშფოთებას იმის გამო, რომ „ფუნდამენტური ეკონომიკური აქტივობა“, მათ შორის წარმოება, ლიეტუვაში „ძალიან უმნიშვნელოდ“ იზრდება.

მანვე დასძინა, რომ მთელი იმედები დამყარებულია სექტორის უნარზე, ცვალებად საბაზრო პირობებთან ადაპტირების მიზნით, „იპოვოს ახალი ნიშები, მოახდინოს რეორგანიზაცია და განავითაროს ახალი მიმართულებები“.

წყარო: 1 არხი