„დისტრიბუციის ქსელი უნდა გადავიდეს ბევრად უფრო ოპტიმიზირებულ და სწორ ფორმაზე, როგორიც არის ლოგისტიკური ცენტრები, სადაც იმპორტიორებს ერთიანად მიაქვთ თავიანთი პროდუქცია და იმ ლოგისტიკური ცენტრებიდან ნაწილდება“, - ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ არის ახლა მოგონილი ამბავი, ეს არის ბევრი ათწლეულით გამოცდილი სისტემა ევროპაში.
„თუ ჩვენ გვინდა, რომ სურსათზე ფასების შემცირება ვიხილოთ, ჩვენ უნდა შევქმნათ მდგრადი სისტემა, რაც მოიტანს იმას, რომ გრძელვადიანად ფასების ზრდას ავიცილებთ თავიდან“, - აღნიშნა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა,
მან სურსათის გაიაფების საქმეში ადგილობრივი წარმოების როლზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „გუდვილი“ ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ წარმოებებს და ახალისებს მათ.
გიორგი ხაბაშვილმა გადაცემაში ვრცლად ისაუბრა მაღალი კონკურენციის მნიშვნელობაზეც. „ჩვენ თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს გვინდა რომ მივყვეთ, თუ თავისუფალი ეკონომიკის პირობებში გვინდა, რომ განვავითაროთ ეს სექტორიც და სხვა სექტორებიც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მაღალკონკურენტული გარემო, რომელიც არის კიდეც ჩვენს სექტორში. მეორე ფაქტორი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ მთელი მიწოდების ჯაჭვი ბევრად უფრო სისტემური და გააზრებული იყოს. ჩვენ ვუყურებთ, მაგალითად, რომ ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ქსელებში არის საკმაოდ იაფი. ამას განაპირობებს ის, რომ იქ მიწოდების სისტემა არის ბევრად მოქნილი, შექმნილია ლოგისტიკური ცენტრები. ჩვენთან კი, მიწოდების სისტემა ძალიან ხარჯიანია“, - განმარტა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მან ყურადღება გაამახვილა მიმწოდებლებისთვის თანხების გადახდის საკითხი იყო.
„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რომელიღაცა პროდუქტის ფასი, მიწოდების დღიდან 90 დღეში ანაზღაურდება - შესაძლოა, ასეთი გადახდის ვადა და პირობები არსებობდეს საქართველოს რომელიღაც სუპერმარკეტში. თუმცა, მე გეტყვით ახლა „გუდვილის“ გადმოსახედიდან - მაგალითად, ე.წ ფრეშ პროდუქციაზე, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძე, რძის პროდუქტები - „გუდვილში“ გადახდის ვადა არის ან ავანსი, ან არის 7 დღე. ეს პროდუქცია გაიყიდება თუ არა, 7 დღეში მომწოდებელი მიიღებს თანხას. აღნიშნულ პროდუქტებზე 14 დღეზე მეტი გადახდის ვადა მე არც მახსენდება“, - განმარტა გიორგი ხაბაშვილმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელობს.
საპარლამენტო კომისიამდე, ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა და მას შემდეგ, ეს პროცესი და შეხვედრები ბიზნესსექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გრძელდება.