ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ჩაის ინდუსტრიის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ დასავლეთის პრემიუმ ბაზრებზე ქართული ჩაის მიმართ ინტერესი იზრდება.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზში მოქმედმა სპეციალიზებულმა ჩაის ქსელმა Palais des Thés-მა 2019 წლის შემდეგ საქართველოდან ჩაის შესყიდვები 12-ჯერ გაზარდა. გარდა ამისა, ქართული ჩაი უკვე ნიუ-იორკშიც იყიდება, პრემიუმ იმპორტიორების, Royal Cathay-ისა და In Pursuit of Tea-ს, მეშვეობით, რომელთა პროდუქციაც, მათ შორის, სამი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორან Eleven Madison Park-საც მიეწოდება.

სტატიის მიხედვით, საერთაშორისო მყიდველების ინტერესს, ერთი მხრივ, საქართველოს ბუნებრივი პირობები, მეორე მხრივ კი ხარისხზე ორიენტირებული წარმოება განაპირობებს. შავი ზღვის ნოტიო ჰავა, კავკასიონის ცივი ზამთარი და ორგანული წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო ქართულ ჩაის გამორჩეულ თვისებებს ანიჭებს.

The Guardian-ი ასევე წერს, რომ სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი პლანტაციების აღდგენის პროგრამამ შეასრულა, რომელიც რეაბილიტაციის ხარჯების 70-90%-ს აფინანსებდა. ამასთან, ქართველი მწარმოებლები დასავლეთის ბაზრებზე გაფართოებასა და პრემიუმ ხარისხის ჩაის წარმოებაზე აკეთებენ აქცენტს.

bp.ge