„ლივერპულის“ მწვრთნელმა, არნე სლოტმა უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე.
გავრცელებული ცნობებით, კვარაცხელია „ნაპოლის“ იანვარში დატოვებს, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით პროგრესს ვერ მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ 23 წლის ფეხბურთელს დაახლოებით 80 მილიონ ევროდ აფასებს და მის შეძენას „პარი სენ-ჟერმენი“ ცდილობს. ქართველი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებული არიან ინგლისის პრემიერლიგის კლუბები, მათ შორის, „ლივერპულიც“.
არნე სლოტმა ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის შესაძლებლობა უარყო, ამის შესახებ მან ინგლისის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში „აკრინგტონ სტენლისთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„როცა ესა თუ ის ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, ვიცოდი, რომ მათ შორის „ლივერპულიც“ იქნებოდა. „ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ 100 სატრანსფერო ამბიდან ბოლოს 99 სიმართლეს არ შეესაბამება. რაზე გავაკეთო კომენტარი, ჭორებზე? ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა სლოტმა.