BlueTabla-ს პროდუქცია ინგლისის შემდეგ ამერიკის ბაზარზე გაიყიდება. როგორც ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ინგლისის ბაზარზე პროდუქცია უკვე გაიგზავნა.

რაც შეეხება ამერიკის ბაზარს - გიორგი შენგელიას თქმით, აღნიშნულ მიმართულებაზე ექსპორტს კომპანია, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებს.

"ჩვენ ინგლისში Amazon Prime-ს წევრი ვართ და მთელ ინგლისის მასშტაბით, დაახლოებით 2 დღეში ხდება მიწოდება. მოთხოვნა არის, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ. გარდა ამისა, ვგეგმავთ, რომ ევროკავშირის ბაზარზე განვვითარდეთ და ჩვენი პროდუქციის მიწოდება ბრიტანეთიდან ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში შესაძლებელი იყოს.

ამ ეტაპზე გაყიდვების დიდი წილი ექსპორტზე არ მოდის, თუმცა წლის ბოლომდე გვინდა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 20-30%-ის ფარგლებში იყოს", - აცხადებს გიორგი შენგელია. 

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ადგილობრივ ბაზარზეც გეგმავს განვითარებას და გაფართოებას. კერძოდ, Bluetabla-ს სტენდების ჩანაცვლებას მაღაზიებით გეგმავს. 

როგორც გიორგი შენგელია აცხადებს, მიმდინარე წელს თბილისში სავარაუდოდ, კიდევ 2 ასეთი ტიპის მაღაზია დაემატება. 

ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით  პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი