თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზეს, დეველოპერული კომპანია „დელუქს ფროფერთი“ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) 3.5-დან 6.1-მდე გაზრდისთვის 31.7 მილიონი ლარის გადახდაზე თანხმობას აცხადებს. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის N60ა-სა და N60გ-ში მდებარე 6 887 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, K2 კოეფიციენტის გადამეტების საფასური 31 711 163.72 ლარს შეადგენს. შესაბამისად, არსებული კოეფიციენტის 3.5-დან 6.1-მდე გაზრდა ტერიტორიაზე დამატებით დაახლოებით 17 906 კვ.მ სამშენებლო ფართობის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ვინ დგას პროექტის უკან?

შპს „დელუქს ფროფერთი“ ყოფილი სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ქონების მფლობელია. კომპანიამ ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5 331 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონზე 27 033 000 ლარად შეიძინა.

აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარი იყო, საბოლოო ფასამდე მისასვლელად კი მონაწილეებმა 1 908 ბიჯი დააფიქსირეს.

„დელუქს ფროფერთის“ მფლობელია შპს „კაპიტალ ჰოლი“, რომლის წილებს ელგუჯა ქებურია (9%) და გიგი გოცირიძე (91%) ფლობენ.

ელგუჯა ქებურია საქართველოში „ამბასადორის“ სასტუმროების ქსელისა და ღვინის ქარხნის მფლობელია. გიგი გოცირიძე კი დეპუტატ ელგუჯა გოცირიძის შვილია.