ბათუმსა და მის შემოგარენში უძრავი ქონების ობიექტები ყოველწლიურად იზრდება, ეს ზრდა ჩანს მიმდინარე წელსაც. უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მიწოდების ფონზე ჩნდება კითხვა, უნდა ველოდოთ თუ არა ფასების დაკორექტირებას.

„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას REA Investment-ის დამფუძნებელმა ირმა მახარაძემ განაცხადა, რომ ფასების დაკორექტირება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. მისივე თქმით, მიწოდებასთან ერთად უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც მზარდ ტენდენციებს აჩვენებს.

„ბათუმში ბოლო წლების განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასებს მზარდი ტენდენცია აქვს. ბათუმის  გარდა, მის შემოგარენშიც  რა მშენებლობებიც არის, კვადრატული მეტრის მინიმალური ღირებულება 1200-1300 დოლარიდან იწყება და უფრო ზემოთაც ადის. ბათუმში ფასი საერთო ჯამში შედარებით მცირეა, თუმცაღა სანაპირო ზოლში ფასები კვადრატულ მეტრზე 5000 – 7000 დოლარს აღწევს.

მიუხედავად მშენებლობების გაზრდილი მაჩვენებლებისა, შემიძლია ვთქვა, რომ გამორიცხულია ფასების დაკორექტირება, პირიქით, რეალურად მოთხოვნა იზრდება, რასაც ცხადყოფს ინტერესი ისეთი ქვეყნების რეზიდენტების  მხრიდან, რომლებიც აქამდე არ აქტიურობდნენ. ასეთი, მაგალითად, შეიძლება იყოს გალფის ქვეყნები“, - განაცხადა ირმა მახარაძემ.