"საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი დეველოპერული კომპანია m2 გაყიდა. საინვესტიციო ჯგუფმა ინფორმაცია კომპანიის ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

გარიგების ფინანსური დეტალები და მყიდველთა ვინაობა ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

კომპანიის განმარტებით, ტრანზაქცია სრულად შეესაბამება GCAP-ის კაპიტალდაზოგვის საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს იმ სტრატეგიული მიზნისკენ, რომელიც „სხვა პორტფელური კომპანიების“ კატეგორიაში შემავალი ბიზნესების ეტაპობრივ რეალიზაციას ითვალისწინებს.

GCAP-ის შეფასებით, გარიგებას კომპანიის აქტივების წმინდა ღირებულებაზე (NAV) მცირე, თუმცა დადებითი გავლენა ექნება. ამასთან, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, რისკის პროფილის შემცირების ფონზე, კომპანია ლიკვიდურობის ბუფერის მიზნობრივ მაჩვენებელს 25 მილიონ დოლარამდე შეამცირებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით გააუმჯობესებს პროფორმა კაპიტალის წმინდა ღირებულების (NCC) კოეფიციენტს 0.8 პროცენტული პუნქტით და მას 3.1%-მდე გაზრდის.

ამავე დროს, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბიზნესთან დაკავშირებული 25 მილიონი დოლარის ობლიგაცია, რომლის ვადაც 2026 წლის აგვისტოში იწურება, დაფარული იქნება m2-ის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით. კომპანიის განმარტებით, ობლიგაციის დაფარვა მოხდება ვადის ამოწურვამდე ან ვადის ამოწურვის დღეს.

GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში m2-მა საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის პოზიცია დაიკავა და მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროექტები შესთავაზა.

„საქართველოს უწყვეტი ეკონომიკური ზრდა სულ უფრო მეტად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ფორმირებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის პარალელურად, ვხედავთ ადგილობრივი ინვესტორების აქტიურ ჩართულობას მსხვილ კორპორაციულ ტრანზაქციებში“, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.