"გოცირიძის მეღვინეობა" საექსპორტო აქტივობის დაწყებას გეგმავს და პირველი პარტიის საზღვარგარეთ გაგზავნას წელსვე ვარაუდობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე BM.GE-სთან ამბობს, მოლაპარაკებები რამდენიმე ბაზართან მიმდინარეობს, მათ შორის, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ინტერესის საგანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.
გოცირიძის თქმით, კომპანიის წლიური წარმადობა ამჟამად დაახლოებით 5 000 ბოთლს შეადგენს, საიდანაც ექსპორტზე საწყის ეტაპზე, დაახლოებით 2 000 ბოთლის გატანა იგეგმება.
"გერმანიაში ჩვენი ღვინო უკვე იყიდება "8000 მოსავლის" ქსელში, თუმცა ახლა ამერიკის ბაზარზე გასვლაზეც ვმუშაობთ. აშშ-ში ქართული ღვინო ნელ-ნელა იძენს პოპულარობას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქ მაღალხარისხიანი, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს", – აცხადებს მეღვინე.
მისივე თქმით, კომპანიას დიდი მოცულობები არ აქვს და ამიტომ, სტრატეგიულად არ განიხილავს ისეთ მასშტაბურ ბაზრებს, როგორიცაა ჩინეთი ან რუსეთი. ყურადღება გადატანილია უფრო სტაბილურ და პერსპექტიულ მიმართულებებზე: "პოლონეთი ძალიან საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის, ასევე ზოგადად აღმოსავლეთ ევროპა, სადაც ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია", – აღნიშნავს გოცირიძე.
2025 წლის შეფასებისას, მეღვინეობის დამფუძნებელი ამბობს, რომ კლიმატური პირობების მხრივ წელი შედარებით ნორმალური იყო და წინა წლებთან შედარებით ნაკლები გამოწვევით ჩაიარა. მეღვინემ განსაკუთრებით დადებითად შეფასდა თეთრყურძნიანი ჯიშებისთვის არსებული გარემო: „დაავადებები ნაკლები იყო, რამაც საშუალება მოგვცა, ნაკლებად შეგვეწამლა ვენახები. ბიოლოგიური მეღვინეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მძიმე ქიმიკატებს არ ვიყენებთ“, – ამბობს ანდრო გოცირიძე.
ცნობისთვის, შიდა ბაზარზე „გოცირიძის მეღვინეობის“ პროდუქცია ძირითადად სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში – „8000 მოსავალი“, „ღვინის გალერეა“ და მცირე ღვინის რესტორნებში იყიდება.