ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვა ახალი ადმინისტრაციის პირობებში არ მოხდება. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ჭყონია განმარტავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება კერძო პოლიტიკოსების შეხედულებებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება არსებული პრობლემებიდან გამომდინარეობს, სწორედ ამიტომ ურთიერთობების გადახედვა მხოლოდ ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

,,ის, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ახალი ადმინისტრაცია მოვა აშშ-ში და გადაიხედება, ეს არის შეცდომა, იმიტომ რომ ახალი ადმინისტრაცია არავითარ შემთხვევაში არ გადახედავს ჩვენთან ურთიერთობას პრობლემების შეცვლის გარეშე. ეს არ არის პირადული ხომ? ეს პრობლემა არის ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ამიტომ ეს არ არის კერძო პოლიტიკოსის შეხედულებები. ეს არის მთავრობის შეხედულება, ამიტომ ტყუილად ველოდებით ახალ ადმინისტრაციას. მიზეზი, რის გამოც შეწყვიტეს ის მიზეზები თუ არ მოიხსნა (სასაცილოც არის) ახალი ადმინისტრაცია არც კი განიხილავს გადახედვას.’’-აცხადებს თემურ ჭყონია.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად ბიზნესმენი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ასახელებს.

,,ამ ხნის განმავლობაში არის პროტესტი, მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. მე ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება. როგორ შეიძლება გაჩერდეს ეს პროტესტი? მეორე მომენტია, რამდენად დათმობენ, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები არ ვიცი. ურთულესი სიტუაციაა. გამოსავალი მაინც ხელახალი არჩევნებია.’’- აცხადებს თემურ ჭყონია.