საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, არსენალის მთასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და დეტალური საპროექტაციო დოკუმენტაციის მომზადება იწყება.
დოკუმენტის თანახმად, საპროექტო მომსახურების განხორციელება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა. უწყებამ აღნიშნული სამუშაოები მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა 2026–2028 წლებში დამატებითი დაფინანსების წყაროებისა და შესაბამისი სახსრების მოძიება.
გარდა ამისა, განკარგულებით მთავრობა მიმართავს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, არსენალის მთაზე დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გათვალისწინებით უზრუნველყოს:
- საპროექტო ტერიტორიასა და თბილისის ცენტრალურ ნაწილს შორის არსებული სატრანსპორტო კავშირების კვლევა;
- საავტომობილო გზის/გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის შემდგომი პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები.
განკარგულების მიხედვით, თბილისის მერიამ აღნიშნული სამუშაოების განხორციელება არაუგვიანეს 2026–2029 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობამ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის შესახებ განცხადება 2025 წლის დეკემბერში გააკეთა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი საოფისე შენობების აშენების შემდეგ მთავრობა სამინისტროების ძველ შენობებს გაყიდდა.
ამის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის. როგორც სატენდერო კომისიის ოქმში იყო აღნიშნული, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას. ამის შემდეგ, ბაზრის ახალი კვლევა აღარ გამოცხადებულა.