მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია "ჰერბია", ადგილობრივ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის გამო, წარმოებას აფართოებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი დავით ჯანელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია.
„წინა წელს ჩვენი გაყიდვები თითქმის გაორმაგდა, ხოლო მიმდინარე წელს 50%-იან ზრდას ველოდებით. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ წარმოების გაზრდას — დაგვემატება 1 ჰექტარი სასათბურე მეურნეობა და ამ გაფართოებაში დაახლოებით, 1 მილიონ ლარს დავხარჯავთ. ამასთან, ვგეგმავთ, რომ HoReCa სექტორის მიმართულებით უფრო მეტად გავაქტიურდეთ. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი აქცენტი ადგილობრივ ბაზარზეა," - ამბობს ჯანელიძე და ამატებს, რომ კომპანია ამჟამად ადგილობრივი მოთხოვნას ვერ აუდის.
"მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ სრულად დაკმაყოფილებასაც კი ვერ ვასწრებთ. ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 95% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო 5% ექსპორტზე - მათ შორის, გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში. მოთხოვნა უცხოეთიდან მაღალია, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი ჯერ ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური მომარაგებაა“, – განმარტავს დავით ჯანელიძე.
ცნობისთვის, ''ჰერბიას" საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია 30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.