ჩინელი ავტომწარმოებლები საქართველოს ბაზრით უკვე დიდი ხანია დაინტერესებულები არიან. მათ ადგილობრივი ბაზრის ათვისება სურთ. ჩინელმა ავტომწარმოებლებმა სურვილის შესახებ საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადეს. „საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუ საქართველოს ბაზარი ჩინური ავტომობილების მომხმარებელი გახდება ქვეყანა მანქანების რეექსპორტისა და ჰაბის ფუნქციას დაკარგავს.
,,დიდი ხანია ჩვენს ბაზარზე, ჩვენი ბაზრის ათვისებაზე თვალი უჭირავთ ჩინელ ავტომწარმოებლებს. აქაც იყვნენ ჩამოსულები და მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენი ბაზარი აითვისონ. არ არის საუბარი რეექსპორტზე. საუბარია ადგილობრივი ბაზრის და ადგილობრივი მოთხოვნის ათვისებაზე. თუ ჩინური ავტომობილების მომხმარებლები გავხდებით, მაშინ რეექსპორტზე ლაპარაკი ზედმეტია. ამას გვკარნახობს თვითონ რეექსპორტის გეოგრაფია.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
,,საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის’’ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. მანქანების ჩინეთიდან ჩამოყვანის შემთხვევაში კი მათ სწორედ ამ ქვეყნების ტერიტორია უნდა გაიარონ. საქართველოში ჩამოსულ ავტომობილებს კი ეს ქვეყნები უკან აღარ დააბრუნებენ. ნონიაძე განმარტავს, ჰაბის ფუნქციის დაკარგვა რეექსპორტის არსებული გეოგრაფიიდან და დასავლეთში წარმოებული ავტომობილების გაძვირებით იქნება გამოწვეული.
,,ჩინეთიდან ავტომობილი გამოივლის ყაზახეთს, ყირგიზეთს. ანუ ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გაივლის და ჩამოვა საქართველოში. მერე ყაზახი და ყირგიზი არ ჩამოვა და აქედან არ წაიყვანს ავტომობილს უკან. პირიქით, ჩვენ ვერ ვივაჭრებთ რეექსპორტით ცენტრალური აზიის ქვეყნებში. თუ ჩვენ ჩინური ავტომობილების მომხმარებლები გავხდით (ანუ შიდა ბაზარზე მოვიხმართ ჩინურ ავტომობილებს) პირიქით ისინი ჩამოიყვანენ ჩვენთან და ჩვენ ვეღარ მივაწვდით იქით ავტომობილებს. ასეთია ახლა რეექსპორტი გეოგრაფია - მოდის დასავლეთიდან, აშშ-დან და ევროპიდან ავტომობილი. ჩამოდიან ყაზახი და ყირგიზი დილერები და აქედან მიჰყავთ. თუ ჩინური ავტომობილების მომხმარებლები უნდა გავხდეთ, ავტომობილი რომ გამოივლის ცენტრალური აზიის ქვეყნებს, უკან აღარ გააბრუნებენ. დიდი ალბათობით შეიძლება ჰაბის ფუნქცია დავკარგოთ.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.
საქართველოს ბაზრის ჩინურ ავტომობილებზე გადაწყობა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლურ ბაზრებზე მეორად ავტომობილებზე ფასების მატების ტენდენცია შენარჩუნდება. ალექსი ნონიაძე განმარტავს, რომ აშშ-ში მეორად ავტომობილებზე ფასების მატების შემთხვევაში საქართველოს აზიურ და ევროპულ ბაზარზე გადაწყობა მოუწევს, რაც მტკივნეული პროცესი იქნება და რასაც შესაძლოა ჰაბის ფუნქციის დაკარგვა მოჰყვეს.
,,თუ იმდენად გაიზრდება ფასი, რომ აღარ ეღირება დასავლეთში წარმოებული ავტომობილები მომხმარებლისთვის, მაგ შემთხვევაში გადავალთ ჩინურზე და იძულებული ვიქნებით მოვიხმაროთ ჩინური. თუ იქნება ნაკლებად მტკივნეული მაშინ შევინარჩუნებთ ჰაბის სტატუსს და ჩვენი გავლით ისევ დასავლეთიდან წამოსული ავტომობილების მომხმარებლები იქნებიან ცენტრალური აზიის ქვეყნები. დასავლეთში წარმოებული ავტომობილები დიდ კონკურენციას უწევენ ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებს. მომხმარებელი პრიორიტეტს ანიჭებს დასავლეთში წარმოებულ ავტომობილს, მაგრამ თუ ფასები რადიკალურად გაიზრდება, შესაძლოა არაკონკურენტულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს დასავლური ფლანგი ჩინურთან მიმართებაში.’’- აცხადებს ალექსი ნონიაძე.