ქართველი მსხვილი ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნას ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე bm.ge-ს ეთერში გამოეხმაურა. გადაცემა ,,საქმიან დილაში’’ სტუმრობის დროს მან განაცხადა, რომ სიაში ბიზნესმენების შეყვანით მსხვილ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირები გამოაშკარავდა. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ქართულ ბიზნესსა და სახელისუფლებო გუნდს შორის კავშირები ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში არსებობდა. სიის გამოქვეყნებით კი დადასტურდა, რომ მსხვილი ბიზნესი საქართველოში კონიუქტურულია.
,,ყველაზე დამაფიქრებელი და მძიმე ვფიქრობ არის ის, რომ ეს ინფორმაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კონიუქტურულად დაკავშირებული ხელისუფლებასთან. პოლიტიკური თემების დეტალებში რომ არ შევიდეთ, თვითონ ეს ფაქტი თავის თავად ადასტურებს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ში პოლიტიკური გავლენიანი წრეები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ხელისუფლება, რომლის ქმედებები მათ არ მოსწონთ, რეალურად, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა იმ სისტემურ მსხვილ ბიზნეს საქართველოში, რომლის წინააღმდეგაც ის ფიქრობს, რომ სანქციები შემოიღოს. საქართველოში, გარკვეული განწყობით, ყველამ ვიცოდით ეს ვისაც მეტი ინფორმაცია გვაქვს, როგორ არის ხელისუფლებები წლების განმავლობაში დაკავშირებული (ახლა არ დაწყებულა ეს თემა. ჯერ კიდევ მოყოლებული 90-იანი წლებიდან) და ბიზნესი კონიუქტურულად როგორ არის ჩამოკიდებული სახელმწიფოზე, რაც ძალიან ცუდია. მე ამას ბიზნესს ვერ დავარქმევდი. ეს არის სახელმწიფოს, ანუ ჩვენი რესურსის ხარჯზე გარკვეულ გარიგებებში შესვლა და სახელმწიფო რესურსის იაფად ხელში ჩაგდებით ფულის შოვნა. ეს უფრო ეკუთვნის ალბათ ბევრი იმ ე.წ. ბიზნესმენს, რომელიც მათ შორის პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა ნებით თუ უნებლიედ ხელისუფლების დაკვეთით. ამ ფაქტმა ეს გამოავლინა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესმენებად მოიხსენიებიან (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა) ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის, სახელმწიფოს რესურსზე და არა მომხმარებელზე, ადამიანზე ფიქრით შოულობენ ფულს. ნათლად აჩვენა ის, რომ პოლიტიკური რეალობა როგორ არის გადაჯაჭვული იმ ფულთან, რომელიც მსგავსი ტიპის კონიუქტურულ ბიზნესთან არის პირდაპირ კავშირში.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.
ბიზნეს კონსულტანტი აცხადებს, რომ მსხვილი ბიზნესი საქართველოში, საზოგადოებაში აზრის ფორმირების პროცესში არ მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ინტერესი ჰქონდეს კავშირები მსხვილ ბიზნესთან შეიძლება შავი ფულით აიხსნას. ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებასა და ბიზნეს წრეებს შორის კორუფციული გარიგებები ფორმდებოდეს და აქედან მიღებულ ფულს ბიზნესი ისევ ხელისუფლებას უბრუნებდეს.
,,წინასწარი სიაა. ჯერჯერობით არ მიუღიათ სანქციების დადგენილება, მაგრამ უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ წრეებში ასე განიხილება, რომ ეს არის ის ბიზნესი, რომელიც ფულს შოულობს სავარაუდოდ, ხელისუფლებისგან. მათ შორის გარკვეული კორუფციული გარიგებების გზით და ალბათ, მასვე უბრუნებს. აქ ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ფულზეა საუბარი და რა კავშირზეა საუბარი. სავარაუდოდ, ეს არის შავი ფული. მე ასე წარმომიდგენია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სანამ არ შემცირდება, იმიტომ რომ შავი ფული ყველგან ფიგურირებს. ვფიქრობ, რომ ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლებებს ხშირად სჭირდებათ ხოლმე ბიზნესიდან გარკვეული მხარდაჭერა სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ აბა სხვა რაში შეიძლება სჭირდებოდეთ. მომხმარებელთან ისეთი კომუნიკაცია იმ მსხვილ ბიზნესებს, ვინც იქ ჩამოთვლილია არ აქვთ, რომ მომხმარებლის აზრის, ადამიანების გადაბირება შეძლონ. ჩვენთან არ არის მსხვილი ბიზნესი ისეთი, რომ მომხმარებელი მიყვებოდეს მას. ანუ მომხმარებლისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყოს იმ ბრენდის, იმ ბიზნესის აზრი, რომ თუ ეს ბრენდი, რომელსაც მე მოვიხმარ ასე ფიქრობს, მაშინ მეც დავფიქრდები. ასე არ არის საქართველოში. ეს ძალა, ეს გავლენა არ არის მომხმარებელზე. აბა რა უნდა სჭირდებოდეს ხელისუფლებას? სავარაუდოდ, რაღაც გარკვეული გარიგებები, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ შავ ფულში აისახება. ვფიქრობ, რომ ასეთი სიების გამოჩენა (სანქცირების) ალბათ ამის მიმანიშნებელი უნდა იყოს.’’- განაცხადა ლევან კობერიძემ.
რატომ არ აკეთებდა ასეთი ტიპის განცხადებებს დასავლეთი ქართული ბიზნეს სექტორის მიმართ ადრე? გადაცემაში ამ საკითხზეც ისაუბრეს. ლევან კობერიძე განმარტავს, რომ აქამდე ქვეყნის ვექტორი და კურსი ნათელი იყო, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა.
,,რატომ არ იყო მანამდე მსგავსი განცხადებები? ალბათ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა საით მიდიოდა, ვექტორი საით იყო. ბუნებრივია, პოზიციონირება როდესაც შეიცვალა და ვექტორები ახლა არის გაურკვეველი, რაც ყველაზე ცუდია ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვის. ბუნებრივია, რომ ის სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს სხვადასხვა რეგიონში, გაუჩნდა თავისი ბერკეტების სრულად ამუშავების სურვილი. მე მახსოვს, პარლამენტში ვიყავი მაშინ, დავდიოდით ევროკავშირში, ევროპარლამენტში შეხვედრებზე და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის კურსი. მე მაშინ ხელისუფლებაში ვიყავი. კვირიკაშვილი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი და სხვათა შორის მერკელი, რომ ჩამოვიდა მაშინ საქართველოში, ეს იყო კვირიკაშვილის ფაქტორი. ქვეყანა ჩანდა, რომ კურსი იყო დასავლური. ის, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს როგორ ხვდებოდნენ მას. ქვეყნის მეთაური მკაფიოდ აჩვენებდა ქვეყნის კურსს. მაშინ არავის გასჩენია მსგავსი ტიპის სურვილი. დღეს ქართულ ბიზნესს, მათ შორის მსხვილ ბიზნესს და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აქვთ დამახინჯებული ურთიერთობები. ანუ ღიად არავინ არ დააფინანსებს პოლიტიკურ პარტიას, გარდა ხელისუფლებისა. ხელისუფლებას შემოწირულობებით ყოველთვის ღიად აფინანსებენ და აი ოპოზიციას არა. ეს არის პრობლემა. იმიტომ არის, რომ ბიზნეს მერე მუდმივად აქვს შიში შურისძიების.''- განაცხადა ლევან კობერიძე.