სახელმწიფოსთან სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ, მათ შორის, არის დაბალანსებული კონტრაქტები, ფასების მატება და თუ ეს ყველაფერი გადაიხედება, შესაძლებელია, რომ 2029 წლამდე სამშენებლო კომპანიებში კაპიტალის დაგროვება მოხდეს და შესაბამისად, ნაკლები საჭიროება იყოს "თეთრი სიის" იმ პრივილეგიების, რაც აქამდე იყო. აუცილებელია, რომ ეს დროულად მოხდეს, - "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ და კომპანია "ინსის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვით "2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება".

რაც შეეხება "თეთრ სიაში" მოხვედრის კრიტერიუმების გამკაცრებას - ზვიად თოიძე აღნიშნავს, რომ გამკაცრება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა დადგენილების კიდევ უფრო დახვეწა შესაძლებელია.

"თეთრ სიასთან" დაკავშირებით ჩვენ გარკვეული წინააღმდეგობა გვქონდა და შემდეგ შევთანხმდით ნელ-ნელა კლებას და 2029 წელში გაუქმებას. ცალსახად უკვე რთულია ამის თქმა, რადგან 2029 წლამდე მაშინ სამშენებლო სექტორში რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2029 წელს დაგეგმილია "თეთრი სიის" სრულად გაუქმება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2025 წლის ბოლოს  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის  თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.

რაც შეეხება ე.წ. თეთრი სიას,  წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

წყარო: ბიზნესპარტნიორი