მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მედიის ფინანსური გამჭვირვალობის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს სამაუწყებლო მედიის დეკლარირებული შემოსავლების და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიასაშუალებებთან გაფორმებული კონტრაქტების ანალიზს, და სარედაქციო პოლიტიკაზე დაფინანსების გავლენას მიმოიხილავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სამაუწყებლო მედიის ჯამურმა დეკლარირებულმა შემოსავალმა 240.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი (51%) ნაციონალურ კომერციულ ტელევიზიებზე მოდიოდა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი (37.4%) მოსდევდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საბიუჯეტო რეკლამის 97.81% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიებზე მოდიოდა, ხოლო ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად არხებზე – მხოლოდ 1.98%. მხოლოდ „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო.
ამასთან, კვლევის თანახმად, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ტელევიზიები შემოსავლის ზრდის მიუხედავად 2025 წელს ზარალზე მუშაობდნენ: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ – 2025 წელი ჯამში 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ტელეკომპანია “იმედზე” მოდის (43.1 მილიონი).