კორეასთან გვქონდა მოლაპარაკებები და აპრილიდან რამდენიმე კორეული ჯგუფის მხრიდან წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, - ამის შესახებ ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა ლელა წულუკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2025 წელს, სასტუმრო ახალი ბაზრების მოძიებას გეგმავს და ამისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მარანი აჭარაში ძალიან მოცულობითია, დაინტერესება არის და ვფიქრობთ, რომ მთლიანად ტურისთვის 2025 წელი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება", - აცხადებს ლელა წულუკიძე.
ტურისტული ობიექტის გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ ახალი ბაზრების მოძიების გარდა, 2025 წელს სატესტო რეჟიმში გახსნილი "შალე კვირიკეს" ამუშავება უფრო აქტიურად არის დაგეგმილი.
მისი თქმით, სასტუმროს დამსვენებლების 80% ადგილობრივები არიან, ხოლო დანარჩენი ევროპიდან, აზიიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები.
ცნობისთვის, „შატო კვირიკე“ 6 ჰექტარზე გაშენებული დასასვენებელი სასტუმრო კომპლექსია, რომელიც ქობულეთში ზღვასა და მთას შორის მდებარეობს. ტერიტორიის 2 ჰექტარზე გაშენებულია როგორც კივისა და თხილის ბაღები, ასევე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ჯიშები. დანარჩენ ტერიტორიაზე კი მდებარეობს სასტუმროს მთავარი შენობა 23 თანამედროვე ნომრით, კერძო ვილა, ღია აუზი და მის ირგვლივ განლაგებული 15 უნიკალური კოტეჯი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელით.
გარდა ამისა, „შატო კვირიკეში“ დამსვენებლებს ე.წ ეთნოგრაფიული მუზეუმი, 300 წლის ისტორიის მქონე შენობა და ღვინის მარანი დახვდებათ.