სამშაბათს, 23 სექტემბერს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, ვაშინგტონში ახალი პროვოკაციული არტ-ინსტალაცია გამოჩნდა. ეს არის დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელთაც ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული და იღიმიან. ქანდაკება სატირულად ასახავს რესპუბლიკელი პრეზიდენტისა და სექსუალურ დანაშაულებში ბრალდებულ ბიზნესმენს შორის მეგობრობას, რომელიც კამათს იწვევს. ინსტალაცია ცნობილ „ნეიშენალ მოლის“ პარკში მყოფთა ყურადღებას იპყრობს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის ქანდაკება კაპიტოლიუმის მახლობლად. ვაშინგტონი, 2025 წლის 23 სექტემბერიფოტო: ანა მონეიმაკერი / სააგენტო „ფრანს პრესი“
„ნეიშენალ მოლის“ გრძელი გაზონის ბოლოში ახალი, 3.6 მეტრის სიმაღლის კონსტრუქცია გაჩნდა, რომელზეც ტრამპი და ეპშტეინი არიან გამოსახულნი. მათ ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული, ფართოდ იღიმიან და ცალი ფეხი უკან აქვთ გაწეული. ორ ქანდაკებას შორის არის დაფა წარწერით: „მეგობრობის აღსანიშნავად“.
ქვემოთ, კიდევ ერთ დაფაა, რომელზც წერია: „ჩვენ ვზეიმობთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უახლოეს მეგობარს, ჯეფრი ეპშტეინს შორის არსებულ მტკიცე კავშირს“.
მესამე დაფაზე კი დატანილია ამონარიდები დაბადების დღის მისალოცი წერილიდან, რომელიც ტრამპმა ეპშტეინს, სავარაუდოდ, 2003 წელს მისწერა და რომელიც ორაზროვან ნახატებსაც შეიცავდა. წერილი წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტმა 8 სექტემბერს გაასაჯაროვა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა წერილის ავტორობა უარყო და „უოლ სთრით ჯორნალს“ უჩივლა, რომელმაც წერილის ფოტოები გამოაქვეყნა.
ბოლო თვეებში, ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ინფორმაციას ეპშტეინის საქმისა და აშშ-ის პრეზიდენტთან მისი სავარაუდო მეგობრობის შესახებ ზოგჯერ ასაჯაროებს, ზოჯერ კი მალავს.
ქანდაკების ავტორობა საკუთარ თავზე არავის აუღია, მაგრამ ნამუშევარი იმ ინსტალაციების სერიის გაგრძელებაა, რომლებიც ტრამპის კრიტიკის შემცველია და რომლებსაც ანონიმური ჯგუფი გამოფენს.
ივნისში „ნეიშენალ მოლზე“ ტრამპის კიდევ ერთი ქანდაკება გამოჩნდა, რომელიც ოქროს ცერა თითით სრესს თავისუფლების ქანდაკების თავს და აწერია: „დამტკიცებულია დიქტატორის მიერ“. რამდენიმე კვირის შემდეგ, შეიქმნა მულტიმედიური ინსტალაცია, სახელწოდებით „ოქროს ტელევიზორის ქანდაკება“, სადაც ტრამპი ეპშტეინთან ერთად ცეკვავს.
USA Today-ის ცნობით, პროექტზე პასუხისმგებელია კოლექტივი „The Secret Handshake Project“-ი. ის საკუთარ თავს აღწერს, როგორც „მოქალაქეთა მცირე ჯგუფს, რომელიც ხელოვნებას, ირონიასა და იუმორს საჯარო სივრცეებში პოლიტიკური თემების სტიმულირებისთვის იყენებს“. ინსტალაციას ნებართვა ეროვნული პარკების სამსახურის მიერ არის გაცემული და ის 28 სექტემბრამდე უნდა იყოს გამოფენილი.
P.S. პარკების ეროვნულმა სამსახურმა ქანდაკება დადგმიდან ერთი დღის შემდეგ აიღო. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა, რომელიც აღნიშნულ სამსახურს ზედამხედველობს, ქანდაკების აღება დაადასტურა და აღნიშნა, რომ ქანდაკება გაცემული ნებართვის პირობებს არ შეესაბამებოდა.
წყარო: 1 არხი